მამუკა ვასაძის განცხადებით, ის არ მიეკუთვნება იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც  წინა ხელისუფლების დროს „ცუდ რაღაცებს“ ჩადიოდნენ და „სულ კარგი“ იყო

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ნადირაშვილმა, პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მამუკა ვასაძეს უსმენენ, მას პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ციტატა შეახსენა, რომელიც სწორედ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ეხებოდა, რომ ის მოსამართლეები, „რომლებიც მასობრივად ჩადიოდნენ ცუდ რაღაცებს, ახლა ჩადიან კარგ რაღაცებს“.

ირმა ნადირაშვილი დაინტერესდა, თავად მამუკა ვასაძე მოიაზრებდა თუ არა საკუთარ თავს მათ სიაში, ვინც ცუდი იყო და ახლა კარგი გახდა.

„მინდა შეგახსენოთ ირაკლი კობახიძის ერთ-ერთი ციტატა და აქვე შეგახსენოთ ისიც, რომ ეს ციტატა ეხებოდა იმ მოსამართლეებს, რომლებიც ამ სისტემაში იყვნენ წინა ხელისუფლების დროს. ბევრი მათგანი არის ამ ხელისუფლებაშიც და შესაძლოა, ახლაც არის ამ სისტემაში. შესაძლოა, კანდიდატადაც იყოს წარმოდგენილი. კობახიძის ციტატაა - „იყვნენ ადამიანები, რომლებიც მასობრივად ჩადიოდნენ ცუდ რაღაცებს და ახლა ჩადიან კარგ რაღაცებს“ - აქედან მარტივი ფორმულა რომ გამოვიყვანოთ, ადამიანები იყვნენ ცუდები და გახდნენ კარგები. თქვენ შემთხვევაში ეს ფორმულა რომ გამოვიყენოთ, თქვენც ხართ თუ არა იმ კატეგორიაში, ვინც იყვნენ ცუდები და გახდნენ კარგები?! თქვენ, წლების განმავლობაში, წინა ხელისუფლების დროს, მუშაობდით ფინანსურ პოლიციაში და ამ დარბაზში, ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ის იყო ბიზნესზე რეკეტის და ზეწოლის საშუალება. თქვენ მუშაობდით ამ სისტემაში და ამ ფორმულის მიხედვით, თქვენ იყავით ცუდი და გახდით კარგი?“, - მიმართა ნადირაშვილმა მამუკა ვასაძეს, რაზეც მოსამართლეობის კანდიდატმა უპასუხა „არა.

ნადირაშვილის კითხვაზე, იყო თუ არა ის „სულ კარგი“, ვასაძემ უპასუხა, რომ „კი“.

რაც შეეხება ირმა ნადირაშვილის კითხვას, ფინანსური პოლიცია ახორციელებდა თუ არა ბიზნესზე ზეწოლას და რეკეტს, მამუკა ვასაძემ უპასუხა, რომ „ფინანსური პოლიციის კონკრეტული თანამდებობის პირები, რომლებიც ბრალდებულები არიან შესაბამის სისხლის სამართლის საქმეებზე, ახორციელებდნენ დანაშაულებრივ ქმედებებს, მათ შორის, ბიზნესთან მიმართებაში“.

კითხვაზე, ყოფილი გენპროკურორი ოთარ ფარცხალაძე ახორციელებდა თუ არა ბიზნესზე რეკეტს, მან უპასუხა, რომ „ბატონი ფარცხალაძე არ არის ბრალდებული მსგავსი კატეგორიის დანაშაულში“.

კითხვაზე, ახორციელებდა თუ არა ყოფილი გენპროკურორი ირაკლი შოთაძე ბიზნესზე რეკეტს, ვასაძემ უპასუხა, რომ „არ ახორციელებდა“. მისივე თქმით, ბიზნესზე ზეწოლას არც გენპროკურორის მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილი ახორციელებდა.

ნადირაშვილის კითხვაზე, მაშინ ვინ ახორციელებდა ზეწოლას და ვინ იყვნენ „ბიზნესის რეკეტში გარეულები“, ვასაძემ უპასუხა, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, ამის თქმა არ შეუძლია, თუმცა ისინი უკვე ბრალდებულები არიან ამ საქმეზე.

„უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, ვერ ვისაუბრებ კონკრეტულ პირებზე, რომ ისინი ახორციელებდნენ ამ დანაშაულს. ვინც ახორციელებდა ამ დანაშაულს, ისინი ბრალდებულები არიან შესაბამის სისხლის სამართლის საქმეზე“, - აღნიშნა ვასაძემ.

რაც შეეხება კითხვას, რომ მან წლების განმავლობაში „ისე იმუშავა ფინანსურ პოლიციაში, რომ არც ერთხელ მიუღია დავალება, რომ ბიზნესი დაერეკეტებინა“, - ვასაძემ უპასუხა, რომ არცერთხელ არ მიუღია მსგავსი დავალება და არც შეუსრულებია.

ამასთან, მისივე თქმით, კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ მისთვის არ იყო ცნობილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო