საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აგვისტოში ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აგვისტოში ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა. როგორც საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ აგვისტოს თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარ მაჩვენებლებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მიმდინარე წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.8% შეადგინა, ხოლო პირველი რვა თვის საშუალო რეალური ზრდა 5% -ია.

მისივე განმარტებით, აგვისტოში კლების ტენდენცია შეინიშნებოდა სამთომოპოვებით მრეწველობაში და ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებასა და განაწილებაში.

ამასთან, ზრდა დაფიქსირდა მშენებლობაში, ტრანსპორტში, კომუნალური, სოციალური და პერსონალური მონაცემების გაწევის დარგში, ვაჭრობაში, დამამუშავებელ მრეწველობაში, სასტუმროებსა და რესტორნებში.

„რაც შეეხება ზრდისა და კლების მიზეზებს, ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებასა და განაწილების სექტორში შემცირება განაპირობა თბოელექტროსადგურების წარმოების მოცულობის შემცირებამ. მათი გამოშვება წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაახლოებით 8%-ით შემცირდა, ამასთან 9%-ით გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებელი, რაც ნიშნავს, რომ ადგილობრივად წარმოებული ელექტროენერგიის დანაკლისი იმპორტით დაკომპენსირდა. 20%-ითაა ელექტროენერგიის იმპორტი ნატურალურ მომსახურებაში გაზრდილი, რაც აგვისტოში აზერბაიჯანიდან განხორციელდა. მშენებლობის დარგში ზრდა განაპირობა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების, გზების, ხიდების და ესტაკადების მიმართულებით მშენებლობის გააქტიურებამ. ვაჭრობის დარგში ზრდა დაკავშირებული იყო სამშენებლო მასალების, კვების პროდუქტებით, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელებით, ფარმაცევტული პროდუქტებით ვაჭრობის ზრდასთან. ამასთან, აგვისტოში დაახლოებით 60%-ით გაიზარდა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი. კომუნალური, სოციალური და პერსონალური მონაცემების გაწევის დარგში ზრდა უკავშირდება აზარტულ და ფულზე თამაშების საწარმოების ბრუნვის მოცულობის ზრდას“, -განაცხადა თოდრაძემ.მისივე თქმით, 3329 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც 24.1%-ით ნაკლებია გასული წლის აგვისტოს მაჩვენებელზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო