ირაკლი ღარიბაშვილი - მთავარია იდეა, რაზეც დავაფუძნეთ ბიუჯეტის დაგეგმარება, ჯარისკაცებზე ზრუნვა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაა

„მთავარია იდეა, რაზეც დავაფუძნეთ ბიუჯეტის დაგეგმარება, ჯარისკაცებზე ზრუნვა და ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაა“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რომლის თემაც 2020 წლის ბიუჯეტია.

მან ისაუბრა იმ ძირითადი პრიორიტეტების შესახებ, რაც 2020 წლის ბიუჯეტით თავდაცვის სამინისტროს ექნება.

„მთავარია იდეა, რაზეც დავაფუძნეთ ბიუჯეტის დაგეგმარება, ჯარისკაცებზე ზრუნვაა და მეორე, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება. პირველი, მთავარი მიმართულება იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება. ბიუჯეტში 26 მილიონი გვქონდა ჩადებული და გავზარდეთ 100 მილიონამდე. ჩემი მთავარი ამოცანა იქნება, რომ გაისად, 2020 წელს მაქსიმალურად გავშალოთ ფრონტი და თითქმის ყველა ბაზაზე დავიწყოთ განახლება - სამხედრო ბაზების, ყაზარმების, იქნება ეს საშხაპეები, სასადილოები თუ სხვა. მეორე მიმართულება იქნება ჯარისკაცების ეკიპირების გაუმჯობესება, ჩაცმულობა, ფეხსაცმელები და სხვა. კვება, რომელიც გვაქვს, გახდება კიდევ უფრო უკეთესი, ვიდრე არის დღეს, გაგრძელდება ვარჯიშები, სამხედროების ფიზიკური მომზადება. ასევე, გათვალისწინებული გვაქვს ხელფასების ზრდა. აქ რამდენიმე კატეგორიაა, 100-დან 500 ლარამდე იზრდება ხელფასები წოდებებისა და რანგის კატეგორიების მიხედვით. ბიუჯეტში გათვალისწინებული გვაქვს დაზღვევის გაუმჯობესებაც, ასევე, დაჭრილებისა და დაშავებულთა პირობების გაუმჯობესება და მათზე ზრუნვა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მანვე ისაუბრა მესამე მიმართულებაზე, რომელიც მისი თქმით, ზოგადად, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაა, როგორც შეიარაღების, ასევე, თავდაცვის სისტემების ნაწილში.

„სამხედრო მრეწველობით მიმართულება, რომელიც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება ჩემი მინისტრობისა და ჩვენი უწყების; ადგილობრივი წარმოების დაწყება, რაზეც მოგვიანებით მოგახსენებთ სხვა ფორმატში. ასევე, გვექნება მნიშვნელოვანი იდეა, რომელსაც წარმოგიდგენთ, რეფორმების და განათლების მიმართულებით. ჩვენ განათლების მიმართულებით და ასევე, კიბერუსაფრთხოებაში გვექნება ზრდა. გვინდა, დავამუშავოთ იდეა, რომელიც ითვალისწინებს ერთგვარი ფრონტ-ოფისის გამოტანას, სამინისტროს ფრონტ-ოფისის გახსნას ყველა რაიონში. ეს ძალიან საწყისი იდეაა, ამაზე გვექნება კონსულტაციები თქვენთან და მთავრობის ფორმატში. ეს ითვალისწინებს წვევამდელების რეფორმას და წვევამდელებზე ზრუნვა იქნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩემი მინისტრობის და ზოგადად, ჩვენი მთავრობის“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მანვე დასძინა, რომ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 880 მილიონი ლარით განისაზღვრა.

„აქედან 25 მილიონი ლარი იქნება დამატებით დაფინანსებული საბიუჯეტო სახსრებიდან. გასულ წელს იყო 820 მილიონი, 2020 წელს იქნება 845 მილიონი“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ირაკლი ღარიბაშვილს სიტყვის დასრულების შემდეგ უპასუხა, რომ ყველაფერში, რაც შეეხება თავდაცვისუნარიანობის ზრდასა და ჯარისკაცების ღირსეულ პირობებში ცხოვრებას, მთავრობის მხრიდან სრული მხარდაჭერა იქნება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო