თბილისის მერია „თბილისობასთან“ დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

5-6 ოქტომბერს „თბილისობა 2019“ გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, საზეიმო ღონისძიებებისთვის უკვე შერჩეულია ადგილმდებარეობები - რიყე, ლეღვთახევი, მეტეხის ხიდი, ევროპისა და ორბელიანის მოედნები.

მათივე ინფორმაციით, თბილისობის წლევანდელი პროგრამა განახლებულია და მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავს. ღონისძიებებს შორის იქნება საბავშვო კონცერტები და ატრაქციონები; კულინარიის, ტკბილეულისა და ყვავილების ფესტივალები; კოსტიუმირებული მსვლელობები და სპორტული აქტივობები; „მულტიეთნიკური თბილისი“ რიყეზე; ორბელიანის ღია ბაზარი; პროექტი „გვიდირიჟორე“; თბილისთან დაძმობილებული ქალაქების პავილიონები; მუსიკალური წარმოდგენები და სხვა.

თბილისის მერიის ცნობით, ლეღვთახევში მოეწყობა „მუზეუმი ღია ცის ქვეშ“, სადაც წარმოდგენილი იქნება პროექცია კლდეზე: ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ვიდეოები, ცნობილი ფერწერული ნამუშევრები და ა.შ. ამ ადგილის დათვალიერებისას ინსტალაციის შესაბამისად შეიცვლება მუსიკა და გამოსახულება. მეტეხის ხიდზე კი სპორტული და რარიტეტული ავტომანქანების გამოფენა მოეწყობა.

მათივე ინფორმაციით, 5 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ორბელიანის მოედანზე გაიმართება საპატიო თბილისელების დაჯილდოება და გალაკონცერტი - „მე ვარ თბილისი“. ღონისძიებაზე სახელოვანი წინაპრების პარალელურად, წარმოჩენილი იქნება ახალი თაობა, როგორც დედაქალაქის წინსვლისა და უკეთესი მომავლის საწინდარი.

„საღამოში მონაწილეობას მიიღებენ საშემსრულებლო ხელოვნების თვალსაჩინო მოღვაწეები და სახელგანთქმული კოლექტივები. წარმოდგენილი იქნება: „დილის საარი“, მოძრაობის თეატრის კომპოზიცია; ცინუკი დადიანის კადრები და ნუკრი კაპანაძე - „გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქო“; „საჰაერო კინტაური“; სოფიკო ჭიაურელი და ნატო მურვანიძე „კინტაური „ხანუმადან“; გიორგი სუხიტაშვილის გამოსვლა; ლადო გუდიაშვილის ცეკვა და მოძრაობის თეატრის კომპოზიცია - „ქართველი მხატვრები“; კახი კავსაძის ჩანაწერი, ბელა მირიანაშვილის კადრები. მიშო ჯავახიშვილი და ნანუკა ხუსკივაძე - „ქარი კვლავ არხევს“; ნინო რამიშვილის „ჯეირანი“, „სუხიშვილების“ „დავლური“ და „ყარაჩოღლური“; გიული ჩოხელი და ნოდარიკო ხუციშვილი - კომპოზიცია „მოგონებები“; ჭაბუკიანის კადრები და ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო დასის ნომერი; ნანული აბესაძე - „შენ, მხოლოდ შენ“; გოგი ალექსიძისა და მარიამ ალექსიძის ნომერი - ერთგვარი ერთობლივი ცეკვა გალაკტიონის ლექსზე); გოგი დოლიძის კადრები - ეკა მამალაძე და მიშო ჯავახიშვილი - „მონატრება“; კონცერტის დასასრულს კი ნანი ბრეგვაძე - „მუხამბაზი“ და ფინალური ნომერი, მიშა მდინარაძის მუსიკალური კომპოზიცია, რომელსაც ყველა მომღერალი ერთად შეასრულებს“, - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, თბილისობის დასასრულს, 6 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ევროპის მოედანზე, დედაქალაქის მერიის მიერ დაფუძნებული თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება განუმეორებელი სანახაობა - „მუარე იქსფირიენს“, რომელიც წარმოადგენს აკრობატების საჰაერო შოუს როკ მუსიკის თანხლებით.

"თბილისობის" პროგრამა

თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
ქართული პრესის მიმოხილვა 17.10.2019
ზურაბ ბატიაშვილი - სირიაში შექმნილი სიტუაციიდან ყველაზე მოგებულ პოზიციაში რუსეთი აღმოჩნდა, რაც ცუდი სიგნალია პროდასავლური ქვეყნებისა და ძალებისთვის
რატომ და რამდენით შემცირდა საკრედიტო ბარათების საპროცენტო განაკვეთი საქართველოში
კომპანია „ჰიდროდიაგნოსტიკამ“ ჟინვალჰესის ადრეული შეტყობინების პროექტზე მუშაობა დაასრულა და სატესტო რეჟიმში გაუშვა
„ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა
პროექტი „სტარტაპ ანბანი“ "ტერაბანკის" მხარდაჭერით გრძელდება
Wolt და Mastercard მომხმარებელს ახალ, შეუფასებელ აქციას სთავაზობს
"ჯადოსნური ახალი წელი აბუ დაბიში" - ლიბერთის და VISA-ს ერთობლივი კამპანია მხოლოდ Apple Pay-ს მომხმარებლისთვის დაიწყო