ნინო ბურჯანაძე - დღეს ჩვენ გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ იმედგაცრუება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მმართველობიდან

დღეს ჩვენ რეალურად გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ იმედგაცრუება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მმართველობიდან, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ 7- წლიან მმართველობას „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

როგორც ნინო ბურჯანაძის განცხადებაშია ნათქვამი, „ფული გადაიქცა უზენაეს და უმთავრეს ღირებულებად, ეს ქვეყნისათვის დიდი ტრაგედიაა და ეს აუცილებლად უნდა დასრულდეს“.

„ჩვენ ყველას გვქონდა მოლოდინი, რომ ქვეყანა განვითარების ახალ გზაზე გავიდოდა, სამართლიანობა აღდგებოდა, „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკურ წარსულს ჩაბარდებოდა, ქვეყანაში გვექნებოდა სამართლიანი სასამართლო, ნორმალური პარლამენტი, თავისუფალი მედია და ეკონომიკა განვითარდებოდა. ჩვენ კარგად გვახსოვს ბატონი ივანიშვილის მიერ დაპირებული კარგი, ძალიან კარგი და შესაშური წლები! შევხედოთ რა ხდება და რა მივიღეთ დღეს: აღუდგენელი სამართლიანობა, კოჰაბიტაციის შედეგად შენარჩუნებული „ნაციონალური მოძრაობა“, პოლარიზებული პოლიტიკური სპექტრი და დაპირისპირებული სახელმწიფო ინსტიტუტები. მივიღეთ გაცამტვერებული და შეურაცხყოფილი პრეზიდენტის ინსტიტუტი. ბიძინა ივანიშვილმა გაბედა და ორჯერ თავს მოგვახვია ისეთი პრეზიდენტი, რომლებსაც პრობლემებისა და ზედმეტი თავის ტკივილის გარდა არაფერი მოუტანიათ ქვეყნისთვის. ჩვენ დღეს გვაქვს უაღრესად რთული ეკონომიკური მდგომარეობა. მოსახლეობა არის გაცილებით დიდ გაჭირვებაში, ვიდრე იყო შვიდი წლის წინ. ლარი ისტორიულ მინიმუმზეა უკვე რამდენი ხანია და მიუხედავად ეროვნული ბანკის მიერ გაკეთებული ინექციებისა, ( 40 მილიონი მაქვს მხედველობაში) იგი მაინც 2.97-ზეა და დიდი ალბათობით იგი სამიან ნიშნულსაც გადააბიჯებს. ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის იქნება კიდევ ერთი ძალიან დიდი დარტყმა“,- აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე საუბარია, ქვეყნის როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკაზეც.

„არც ერთი ნაბიჯით არ მივახლოვებივართ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემის მოგვარებას. ვხედავთ რეალობას, რომ არა სამართლებრივად, მაგრამ ფაქტობრივად ის ტერიტორები, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ კიდევ უფრო დაპატარავდა. ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც დილით იღვიძებენ და აღმოაჩენენ, რომ მათი სახლი დე-ფაქტო საზღვრის მიღმაა.

ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა ბიძინა ივანიშვილის იმედი, იმის იმედი, რომ რუსეთთან ურთიერთობები გაუმჯობესდებოდა და საქართველო თავის თავს ღირსეულ პარტნიორად წარმოაჩენდა. რამდენიმე დღის წინ ეს იმედი საბოლოოდ დასამარდა, ჩვენ დავანახეთ ყველას, რომ არ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო. მივჩერებივართ დასავლეთს, რომ დაგვეხმაროს და ამ დახმარების წესიერად გამოყენების თავიც არ გვაქვს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკებები ისე წარვმართეთ, რომ მისი და მთელი პოლიტიკური კლასის და მედიის დასაცინი გავხდით რუსეთის ფედერაციაში. ჩვენმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა და ვერ გაბედა, რომ მოქალაქეებისთვის ეთქვა, რომ მოლაპარაკებები საჭიროა, რომ ჩვენ ლაპარაკს ვიწყებთ და თუნდაც ფრენების აღდგენაზე ესაუბრა,“ - ნათქვამია ნინო ბურჯანაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც ის ასევე შეეხო 20 ივნისის აქციას.

როგორც ბურჯანაძე ამბობს, ხელისუფლებამ ვერ მოახერხა თავიდან აერიდებინა 20 ივნისის კრიზისი და მან თითქმის ისეთივე „წარმატებით“ დაარბია აქცია, როგორც ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხდებოდა.

„კარგი ხელისუფლება აქამდე საქმეს არ მიიყვანდა. კარგი ხელისუფლება საკონსტიტუციო ცვლილებებს მანამ მიიღებდა და შესთავზებდა საკუთარ მოქალაქეებს, სანამ ამას ძალიან დრამატული დღეების შემდეგ სრულიად საზოგადოება პრინციპული და რადიკალური მოთხოვნის სახით დააყენებდა.

დღეს ჩვენ რეალურად გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ იმედგაცრუება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მმართველობიდან. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილმა 21-ე საუკუნეში საქართველო აქცია ფეოდალური მმართველობის სტილის სახელმწიფოდ და საკუთარ სამეფოდ გადაიქცია. 2020 წელი მოდის და რადიკალური ცვლილებებია საჭირო, ის ცვლილებები, რომლებიც იმ იმედებს გაამართლებს, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის დამოუკიდებლობასთან, სამართლიანობასთან და წინსვლასთან დაკავშირებით აქვს. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს. არც ერთი ინსტიტუტი არ მუშაობს, არც ერთი ინსტიტუტი არ არის დამოუკიდებელი და სამწუხაროდ ის რაც დღეს ქვეყნაში ბატონობს, არის არა დემოკრატია, არა სამართლიანობა, არა ეკონომიკური წისვლა, არამედ ფულის ბატონობა. ფული გადაიქცა უზენაეს და უმთავრეს ღირებულებად, ეს ქვეყნისათვის დიდი ტრაგედიაა და ეს აუცილებლად უნდა დასრულდეს,“ - ნათქვამია ბურჯანაძის საგანგებო განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს