3-4 ოქტომბერს, საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი გაიმართება

3-4 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის მოწვევით, საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ვიზიტი გაიმართება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციას - რომლის შემადგენლობაში იქნება ალიანსის 29 წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენელი - უხელმძღვანელებს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გოტმიოლერი.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თავმჯდომარეობით.

ჩრდილოატლანტიკური კომიტეტი, ასევე თავის მხრივ - ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და პარლამენტის წევრებთან, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ასევე გაიმართება შეხვედრები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. ჩრდილოატლანტიკური საბჭო ბათუმის პორტში ეწვევა საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდებს. ვიზიტის ფარგლებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ლექციას გამართავს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი სტუდენტების, ახალგაზრდა თაობის სწორი ინფორმირებისა და ჩართულობის კუთხით.. დელეგაციასთან ერთად დამსწრეებს მიმართავს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.

„წლევანდელი NAC-ის ვიზიტი საქართველოში რიგით მეხუთეა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საბჭოს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ისტორიაში და რაც საქართველოსა და ალიანსს შორის ურთიერთობების გაღრმავების და აქტიური თანამშრომლობის ნათელი დასტურია.

საქართველოსთვის, როგორც ნატო-ს გამორჩეული და ერთ-ერთი ყველაზე თავსებადი ასპირანტი ქვეყნისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი და უპირობო პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების მიმართ, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურებს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესის შეუქცევადობას.

იმის გათვალისწინებით, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭო ალიანსში გადაწყვეტილებების მიმღები მთავარი ორგანოა, მნიშვნელოვანია საბჭოს წევრები ადგილზე გაეცნონ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, როგორც თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, ასევე დემოკრატიული რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით.

ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება საქართველოს ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, აქცენტები გაკეთდება ნატო-საქართველოს პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე, მათ შორის, შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით.

NAC-ის მეხუთედ ჩამოსვლა საქართველოში მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება ჩვენი საზოგადოებისთვისაც. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტების მაღალი ინტენსივობა იმის ნათელი დადასტურებაა, რომ ალიანსს საქართველოსთან განსაკუთრებული თანამშრომლობა აკავშირებს.

დეკემბერში დაგეგმილი ნატო-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერთა შეხვედრამდეNAC-ის ვიზიტის გამართვა იმის მანიშნებელი იქნება, რომ საქართველო, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა, ალიანსის დღის წესრიგში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და რომ ის ნატო-ს ღირებული და სანდო პარტნიორია.

ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო წარმოადგენს ნატოს მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოს, რომელსაც თავმჯდომარეობს ნატო-ს გენერალური მდივანი. საბჭოს სხდომებზე იკრიბებიან ნატო-ს წევრი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები, სადაც განიხილება პოლიტიკური და მიმდინარე საქამიანობასთან დაკავშირებული საკითხები.

ვიზიტი ალიანსის მხრიდან საქართველოს მიმართ მხარდაჭერის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა