„ფორმულას“ გენერალური დირექტორი - ბრალის წარდგენას გამოვრიცხავ - ეჭვს ბადებს ის ფაქტი, რომ გუშინ დაიწყო ტელევიზიამ მაუწყებლობა და იმ დღესვე გამომძიებლისგან ზარი განხორციელდა

,,ჩემს გარეშე თუ ჩემთან ერთად ეს კომპანია შედგება და იქნება წარმატებული", - ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ გენერალურმა დირექტორმა ზურაბ გუმბარიძემ მთავარ პროკურატურაში მისვლისას განაცხადა.

გუმბარიძის თქმით, ტელეკომპანიის ეთერში გასვლა და მისი დაბარება დროში ერთმანეთს საეჭვოდ დაემთხვა.

„ჩემი დაბარება უკავშირდება "ინტერმედიის" საქმეს, რომელიც იცით, რომ რამდენიმე თვეა პროკურატურაშია, რომელზეც ბრალი აქვს წარდგენილი ნიკა გვარამიას, ზურაბ იაშვილსა და კახა დამენიას. სავარაუდოდ, ჩემი გამოკითხვაც უკავშირდება „ინტერმედიას“ . იმ პერიოდში ვიყავი ერთ-ერთი დამფუძნებელი ამ კომპანიის. რაც შეეხება ბრალს, ეს ბრალი არის აბსურდული. საერთოდ გაუგებარია ამხელა რესურსი რატომ იხარჯება ასეთი ტიპის „ქეისის“ გამოძიებაში. მე ჯერ არ მინდა დეტალებზე საუბარი, თუმცა ეს საქმე არის თითიდან გამოწოვილი. ეჭვებს ბადებს ის ფაქტი, რომ გუშინ დაიწყო „ფორმულამ“ მაუწყებლობა და იმ დღესვე განხორციელდა ზარი გამომძიებლისგან, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ „ფორმულა“ დაიწყებს მაუწყებლობას. 5 ოქტომბერს ჩვენ დავიწყებთ საინფორმაციო გამოშვებას და ჩვენ შევეცდებით, რომ ყველა ის გამოწვევა, რომელიც დღეს აქვს მედიაბაზარს, ყველა ის გამოწვევა, რაც აქვს თავისუფალ სიტყვას, ყველა ის გამოწვევა, რაც უკავშირდება მედია პლურალიზმს, ჩვენ დავდებთ ერთ აგურს ამ საქმის მშენებლობაში.

ეჭვს ბადებს ის ფაქტი, რომ როგორც კი მაუწყებლობა დაიწყო ტელეკომპანიამ იმ დღესვე არხის გენერალურ დირექტორს დაუკავშირდა გამომძიებელი, თუმცა ნუ გავასწრებთ მოვლენებს, დაველდოთ. "ფორმულა" იქნება ძალიან ძლიერი, ძალიან საინტერესო არხი, გვექნება ძალიან კარგი ნიუსის გადაცემა, გვექნება პოლიტიკური თოქ-შოუები, გასართობი კონტენტი. ეს იდეა დგას ერთ ადამიანზე უფრო მაღლა, ეს იდეა დგას ჩემზე უფრო მაღლა. ეს არის პლატფორმა, რომელშიც ადამიანები გაერთიანებულები არიან ღირებულებების მიხედვით", - განაცხადა გუმბარიძემ.

„ფორმულას“ გენერალურმა დირექტორმა კატეგორიულად გამორიცხა მისთვის ბრალის წარდგენის შესაძლებლობა.

"ყველა კითხვაზე, რაზეც მაქვს ინფორმაცია, ამომწურავ ინფორმაციას მივაწვდი გამოძიებას, დღესაც ყველა სხვა შემთხვევაშიც. მე ვარ ზურაბ იაშვილის პროცესზე ნამყოფი, რომელიც იყო ჩვეულებრივი ფარსი, გაუგებარია, საერთოდ რატომ ედვებიან მას. ასევე ბუნებრივია, ვუყურე ნიკა გვარამიას პროცესსაც, თუ მე რაიმე ინფორმაცია მაქვს ყველა კითხვას ჩემი მხრიდან პასუხი გაეცემა. ბრალის წარდგენას გამოვრიცხავ", - აცხადებს ზურაბ გუმბარიძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა