თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ექსკურსია - „ქართული მედიცინის ისტორია, მედეა და არგონავტები“ გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიხეილ შენგელიას ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზებული “მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019“-ის დასკვნითი ღონისძიება - წარმოდგენა/ექსკურსია - „ქართული მედიცინის ისტორია, მედეა და არგონავტები“ ჩატარდა.

ღონისძიების ფარგლებში თსსუ-ის თეატრალურმა დასმა ,,ჰიგიამ“ წარმოადგინა თეატრალიზებული პერფორმანსი, სადაც უნივერსიტეტის სტუდენტებმა არგონავტების მოგზაურობის შესახებ ცნობილი ბერძნული მითი გააცოცხლეს.

ღონისძიების მეორე ნაწილში, მედიცინის მუზეუმის დირექტორმა, თსსუ-ის მედიცინის ისტორიისა და ბიოეთიკის დეპარტამენტის პროფესორმა რამაზ შენგელიამ დამსწრე საზოგადოებას გააცნო მუზეუმში დაცული ექსპონატები და ესაუბრა საქართველოში მედიცინის განვითარების ისტორიასა და ქვეყნის მდიდარ, საუკუნოვან ტრადიციებზე.

„ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი, მიხეილ შენგელიას ინიციატივით და გამოჩენილი ქართველი მედიკოსების მხარდაჭერით, 1963 წელს შეიქმნა. მუზეუმის არქივებსა და ფონდებში დაცულია უნიკალური ისტორიული ღირებულების მასალა (19,000 საექსპოზიციო ერთეული) და ხელოვნების ნიმუშები (ლ. გუდიაშვილის, თ. მირზაშვილის და სხვ. ნახატები, ქანდაკებები). მუზეუმის ფონდში ინახება სამედიცინო ხელნაწერები, არქეოლოგიური მასალა, მეტად მდიდარი ფოტოკოლექცია, გამოჩენილ ქართველ მედიკოსთა პირადი არქივები, ძველი, რარიტეტული სამედიცინო ხელსაწყოები და აპარატურა.

ექსპონატების მნიშვნელოვანი ნაწილი მოპოვებულია საქართველოს ყველა კუთხეში მოწყობილი ორმოცამდე სამეცნიერო ექსპედიციის შედეგად. ეს არის ქართული ხალხური მედიცინის უნიკალური მასალა: ათიათასობით რეცეპტი და ასეულობით მცენარეული, ცხოველური და მინერალური წარმოშობის კომპონენტი, ჰერბარიუმები.

მუზეუმში შექმნილია ოსტეოთეკა - ნამარხი ძვლოვანი მასალის საყურადღებო კოლექცია. სამუზეუმო ექსპოზიცია ცხადყოფს კოლხურ-იბერიული მედიცინის პირველადობის ცნობილ თეზას, წარმოაჩენს კავკასიური მოსახლეობის წარმოშობის წინაპირობებს, მის გენეტიკურ კავშირებს შუმერულ, ხმელთაშუაზღვისპირა სამყაროსა და ევროპასთან.

ღონისძიებამ, დამსწრე საზოგადოების უმაღლესი შეფასება დაიმსახურა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი
სილქნეტი მედიასივრცეში გავრცელებულ ბოლოდროინდელ ბრალდებას ეხმიანება სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ოლიგოპოლიასთან დაკავშირებით
„ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა - onoff.ge შეიქმნა
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს