ნათია თურნავა - პრივატიზაციის პროცესში გვჭირდება სერიოზული ცვლილება და გამკაცრება

პრივატიზაციის ტემპებით გარკვეულ ნაწილში კმაყოფილი ვარ, თუმცა მაქვს უკმაყოფილების საფუძველიც და ამ პროცესში ჩვენ გვჭირდება სერიოზული ცვლილება, სერიოზული გამკაცრება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ცვლილებებია შესატანი სახელმწიფო საწარმოების მართვის პროცესშიც.

ამასთან, როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საწარმოების პრივატიზება უფრო რთული პროცესია.

„შედარებით კმაყოფილი ვარ იმ მიღწევებით, რაც შევძელით უძრავი ქონების გააქტიურების თვალსაზრისით. იცით, რომ ბიუჯეტის წლიური გეგმა საკმაოდ ლიბერალურად იყო დაგეგმილი, შესრულებული და წლის ბოლომდე რეალისტურია, რომ 100 მილიონ ლარს გადავაჭარბოთ. თუმცა რეალურად, ეს შევძელით უძრავი ქონების აქტიური პრივატიზების ხარჯზე“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, რაც შეეხება სახელმწიფო საწარმოების გასხვისებას, გარკვეული ნაბიჯები ამ მიმართულებითაც გადადგმულია - გორის ქარის ელექტროსადგური უკვე მომზადებული და გამოტანილია საპრივატიზაციოდ.

„თუმცა, ამ მიმართულებით და ამ ტემპებით კმაყოფილი არ ვარ და აქედან გამომდინარე სამინისტროში, მთლიანად გუნდში, ვფიქრობთ, როგორ განვაახლოთ პრივატიზაციის მიდგომები, როგორ გავხადოთ ის უფრო ეფექტიანი და სწრაფი. მართალია, გარკვეული მოსამზადებელი პროცესი ამისთვის იყო საჭირო, მაგრამ ამ მხრივ დაგროვილი გამოცდილება გვაძლევს იმედს, რომ ამ მიმართულებას აქტიურად შევეჭიდოთ. იქნება ეს იგივე „საქართველოს ფოსტა“, რომლის საპრივატიზაციოდ გამოტანა წლების წინ იქნა დეკლარირებული და ჩვენ გვინდა ეს პროცესი დავიწყოთ, თუმცა მთავარია ეს იყოს სწორად შეფუთული“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, როდესაც საუბარია, რომ შესაძლებელია 150 მილიონ ლარამდე ქონების პრივატიზაცია მოხდეს, ეს არ არის ზოგადი ნათქვამი, არამედ ეყრდნობა წლევანდელ მიღწევას და იმ პრობლემების გაგებასა და აღიარებას, რაც ამ კუთხით დაგროვდა.

„ამიტომ გვჭირდება სერიოზული ცვლილებები, სერიოზული გამკაცრება პრივატიზების პროცესში და სახელმწიფო საწარმოების მართვაში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო