გიორგი გახარია - უსაფრთხო შავი ზღვა არის უსაფრთხო ევროატლანტიკური სივრცის გარანტია

ნატო-სთან მტკიცე ურთიერთობა არის საფუძველი საქართველოს საგარეო პოლიტიკის და მისი უსაფრთხოების, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში მეხუთე სტუმრობა პირდაპირ მიუთითებს ნატო-ს მიერ საქართველოს მხარდაჭერაზე.

„ჩემთვის უდიდესი პატივია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში მასპინძლობა. ეს გახლავთ მე-5 სტუმრობა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში, რაც პირდაპირ მიუთითებს ნატო-ს მიერ საქართველოს მხარდაჭერას, რისთვისაც საქართველოს მთავრობის სახელით გიხდით მადლობას. მინდა ასევე თითოეულ ნატო-ს წევრს გადავუხადო მადლობა, რამეთუ მხარს უჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის დამოუკიდებლობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველომ მიიღო დაპირება წევრი ქვეყნებისგან, რომ გახდებოდა ნატო-ს წევრი და ეს დაპირება ამოძრავებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.

„ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი, რომელიც ხორციელდება ბათუმში არის სიმბოლური, რამეთუ სულ ახლა ნატო-სა და საქართველოს თანამშრომლობაში გაჩნდა ახალი სივრცე, რომელიც ეხება შავი ზღვის უსაფრთხოებას. ჩვენ ყველას გვესმის, რომ უსაფრთხო შავი ზღვა არის უსაფრთხო ევროატლანტიკური სივრცის გარანტია. ყირიმის ანექსიის შემდგომ მოხდა რუსეთის გაძლიერება შავი ზღვის სივრცეში და რა თქმა უნდა, ნატო-ს წარმომადგენლობა შავ ზღვაში არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. კოლეგებო, 2002 წელს საქართველომ მიმართა ნატო-ს წევრობის თხოვნით და მას შემდგომ ქვეყანამ გამოიარა ბევრი განსაცდელი, თუმცა ასევე აჩვენა ძალიან სერიოზული წინსვლა. ეს წინსვლა კიდევ ერთხელ დადასტურდა ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე, როდესაც საქართველომ მიიღო დაპირება წევრი ქვეყნებისგან, რომ საქართველო გახდებოდა ნატო-ს წევრი. ეს დაპირება ამოძრავებს თითოეულ ქართველ მოქალაქეს და ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს წევრობას დღეს მხარს უჭერს მოქალაქეების 71 პროცენტზე მეტი, რაც დიდ სიმტკიცეს მატებს ჩვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა არის უსაფრთხოების გარანტი ბევრ რეგიონში და შესძენს იმედს ისეთ მცირე ერებს, როგორიც არის საქართველო.

„წელს ნატო აღნიშნავს 70 წლისთავს და კიდევ ერთხელ უნდა იყოს დადასტურებული ამ წლისთავის ფარგლებში ღია კარის პოლიტიკა. ღია კარის პოლიტიკამ კიდევ ერთხელ დაადასტურა წლების განმავლობაში, რომ თავად არის უსაფრთხოების გარანტი ბევრ რეგიონში და რა თქმა უნდა, შესძენს იმედს ისეთ მცირე ერებს, როგორიც არის საქართველო. დღეს ჩვენ აქ გვყავს სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიის წარმომადგენელი, რომელმაც კარგი, შორი, მძიმე გზა გაიარა და სულ მალე გახდება ნატო-ს 30-ე წევრი და ეს არის კიდევ ერთი იმედი საქართველოსთვის, რომ მის მიღწევებს, როგორც დემოკრატიზაციის, ასევე სამხედრო თანამშრომლობის და ასევე მისი თავსებადობის ხარისხის მნიშვნელოვანი ზრდის შესაბამისი პოლიტიკური დაფასება და შეფასება მოხდება პროგნოზირებად მომავალში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს