ომბუდსმენი ცქიტიშვილის მიმართ ხაზარაძის განცხადებაზე - მამუკა ხაზარაძის აღნიშნული განცხადებით წარმოჩენილია, რომ ქალი  მხოლოდ სამზარეულოში შეიძლება იყოს კომპეტენტური

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის მისამართით. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მამუკა ხაზარაძის გამონათქვამი არის სექსისტური შინაარსის და აძლიერებს დისკრიმინაციის წამახალისებელ სტერეოტიპებს ქალისა და მამაკაცისათვის განსაზღვრული გენდერული როლების შესახებ.

მამუკა ხაზარაძის აღნიშნული განცხადებით წარმოჩენილია, რომ ქალი მხოლოდ სამზარეულოში შეიძლება იყოს კომპეტენტური, ხოლო საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში მისი ჩართულობის უნარი, განათლება და კვალიფიკაცია ეჭვქვეშ არის დაყენებული.

სახალხო დამცველი აღინიშნავს, რომ მამუკა ხაზარაძეს, როგორც საჯარო პირს, რომელიც აქტიურად არის ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება, რომ თავისი განცხადებებით არ მოახდინოს ქალი პოლიტიკოსების დისკრედიტაცია – სქესზე აპელირებით. პოლიტიკოს ქალთა მიმართ გაჟღერებული დისკრიმინაციული გამონათქვამები აკნინებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობას და აძლიერებს ქალის როლთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ არასწორ და დამამცირებელ სტერეოტიპებს.

სახალხო დამცველმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობას. იმ პირობებში, როდესაც საქართველოში ქალთა თანასწორუფლებიანობა და ქალთა თანაბარი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ერთ-ერთ გამოწვევად რჩება, სოციალურად აქტიური ქალებისათვის მტრული გარემოს შექმნა წარმოადგენს მათთვის ბარიერს, რომ სრულყოფილად, თავისუფლად და უსაფრთხოდ წარმართონ საქმიანობა. ჯანსაღი პოლიტიკური და საზოგადოებრივი გარემოსთვის უმნიშვნელოვანესია, საჯარო პოლიტიკური დებატების ფარგლებში, ოპონირება მოხდეს პროფესიული კრიტიკის ჩარჩოში და არ ისახავდეს მიზნად პირის დამცირებასა და შეურაცხყოფას მისი პიროვნული მახასიათებლის თუ დადგენილი საზიანო სტერეოტიპების საფუძველზე.

სახალხო დამცველი მოუწოდებს მამუკა ხაზარაძეს, მომავალში თავი შეიკავოს სექსისტური თუ სხვა ნიშნით დისკრიმინაციის წამახალისებელი გამონათქვამებისაგან და მისი პოლიტიკური და საზოგადოებრივი საქმიანობა თანასწორობის პრინციპის დაცვით წარმართოს“, - აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძემ დღეს განაცხადა, რომ „მაია ცქიტიშვილს საერთოდ წარმოდგენა არა აქვს რა არის ინფრასტრუქტურა. ის შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ მე არ ვიცი რა გამოცდილება ჰქონდა მას წინა ცხოვრებაში, როცა მილიარდებს აბარებენ“.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს