ვახტანგ გომელაური - საქართველო ნატო-ს საიმედო პარტნიორია

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი მკაფიო სიგნალი და მხარდაჭერაა ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ბათუმში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში განაცხადა.

დღეს შედგა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის, როუზ გოტმიოლერისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების ვიზიტი სანაპირო დაცვის ხომალდებზე ბათუმის პორტში, როლის შემდგომაც გომელაურმა ისაუბრა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტზე ბათუმში და აღნიშნა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.

„ეს არის მკაფიო სიგნალი, მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის. შევხვდი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, როუზ გოტმიოლერს, ასევე, ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს, ელჩებს. ჩვენ დავათვალიერეთ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გადმოცემული ორი ხომალდი, „აილენდის“ კლასის, რომელიც გადმოეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვას. აქვე მინდა ხაზი გავუსვა და აღვნიშნო, რომ საქართველო ნატო-ს საიმედო პარტნიორია, ჩვენ ჩართულები ვართ ევროატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერებაში“, - აღნიშნა შს მინისტრმა.

მანვე ხაზი გაუსვა შს სამინისტროს როლს შავი ზღვის აუზის რეგიონის უსაფრთხოებაზე.

„მოგეხსენებათ, შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებელია შავი ზღვის აუზის რეგიონის უსაფრთხოებაზე და ეს გემები იქნება მაქსიმალურად ჩართული ამ მიმართულებით, რათა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება“, - განაცხადა მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა