სერგი კაპანაძე - ჩვენი პარტნიორები კარგად ხედავენ, როგორი დამოკიდებულებაა ნატოს მიმართ ჩვენს საზოგადოებაში

„ჩვენი პარტნიორები კარგად ხედავენ, როგორი დამოკიდებულებაა ნატოს მიმართ ჩვენს საზოგადოებაში, როგორი მაღალია მხარდაჭერა და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მთავარი პროდასავლური ოპოზიციური ძალები სწორედ ამ განწყობით არიან“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის, როუზ გოტმიოლერის და ნატოს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან და საპარლამენტო დელეგაციასთან შედგა.

მისი თქმით, ძირითადი თემები, რომლებზეც „ევროპულმა საქართველომ“ ამ შეხვედრაზე ისაუბრა, ეხებოდა რუსეთის მხრიდან მომავალ აგრესიას და ყველა იმ პრობლემას, რომელიც ოკუპაციას უკავშირდება.

„მათ შორის იყო საქართველოში პრორუსული ძალების გაძლიერება, ასევე, ჩვენ ვისაუბრეთ დემოკრატიის გამოწვევებზე, იმ ძირითად პრობლემებზეც, რომელიც ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის გზაზეა. ვთვლით, რომ ნატოს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც სჭირდება ქვეყნის შიგნით კონსოლიდაცია. ეს პრობლემები, რომელზეც ჩვენ საუბარი გვქონდა, ჩვენი ნატოელი პარტნიორების ყურადღების ცენტრშია. მათ ძალიან კარგად იციან დემოკრატიის ის გამოწვევები, რომელიც ქვეყანაშია, მათ შორის, მედია პლურალიზმთან დაკავშირებული პრობლემები და შეტევები მედიაზე, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები, ის რეფორმები, რომელიც არ ტარდება, მათ შორის, მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებული პრობლემები. ყველა ამ საკითხზე ნატოს ელჩები კარგად არიან ინფორმირებულები და დისკუსია ეხებოდა სწორედ ამას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა ეს პრობლემები იცოდნენ, რათა ჩვენ მათ ვესაუბროთ რეგულარულად და არ მოვატყუოთ, რომ საქართველოში ყველაფერი არის კარგად“, - განაცხადა კაპანაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე საქართველოში ანტიდასავლური ძალების ბოლოდროინდელი გაძლიერების კარგი ილუსტრაცია მოხდა.

„შეხვედრაზე „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა ისაუბრა იმაზე, საქართველოში როგორ არ უჭერენ მხარს ნატოს, ეს არის მისი მოსაზრება, მაგრამ ის, რომ ფაქტები ამის საწინააღმდეგოა, ყველამ კარგად იცის. ჩვენმა პარტნიორებმა გაიგეს ჩვენი პასუხიც და თვითონაც კარგად ხედავენ, თუ როგორი დამოკიდებულება არის ნატოს მიმართ საზოგადოებაში, როგორი მაღალია ნატოს მხარდაჭერა და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მთავარი პროდასავლური ოპოზიციური ძალები სწორედ ამ განწყობის არიან“,- აღნიშნა კაპანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა