ნატო ბათუმში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტთან და გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ნატო ბათუმში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტთან და გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 3 ოქტომბერს, შავიზღვისპირა ქალაქ ბათუმში ვიზიტის დროს, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და მადლობა გადაუხადა მას ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მასპინძლობისთვის.

ასევე, ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 3 ოქტომბერს, ჩრდილოატლანტიკური საბჭო 2-დღიანი ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში, მათ შორის ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად.

„სხდომაზე ქალბატონმა გოტმიოლერმა განაცხადა, რომ ნატო დიდად აფასებს საქართველოს წვლილს ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და რომ საქართველო „არის ნატო-ს ოპერაციების ფარგლებში ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი“. მან ასევე განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში „აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მე-5 წლისთავი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს უსაფრთხოების და თავდაცვის სექტორებისადმი, ასევე ნატო-ს წევრობისთვის საქართველოს მომზადების პროცესში, ჩვენი მხარდაჭერის ქვაკუთხედს“.

ბათუმში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ ქალბატონმა გოტმიოლერმა განაცხადა, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, მათ შორის ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის და ერთობლივი წვრთნების მეშვეობით. „დღეს ჩვენ შევთანხმდით პაკეტის გადახალისებასა და გაუმჯობესებაზე“, - განაცხადა გოტმიოლერმა, - „მოკავშირეების მტკიცე გადაწყვეტილებაა რესურსების შემდგომი მიწოდება“. ქალბატონმა გოტმიოლერმა უმაღლესი შეფასება მისცა საქართველოში თავდაცვის ინსტიტუტების განმტკიცების პროცესს, შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას და თავდაცვაზე გაწეული ხარჯების მხრივ მიღწეულ პროგრესს. „მოგიწოდებთ ამ გზაზე წინსვლისკენ და თავდაცვის სექტორის რეფორმის გარდა, სხვა შესაბამისი რეფორმების განხორციელებისკენ ამ გზაზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობის განმტკიცება და მართლმსაჯულების შემდგომი რეფორმის გატარება. ჩვენ მომავალშიც ვითანამშრომლებთ თქვენთან რეფორმებზე, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს შემდგომ დაახლოებას ნატოსთან“, - განაცხადა მან. ქალბატონმა გოტმიოლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2018 წლის ბრიუსელის სამიტზე მოკავშირეთა ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ნატო მიიღებს საქართველოს, როგორც ალიანსის წევრს“ და რომ ნატოს კარი ღიაა. „დღეს მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" აღიარება, ასევე გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ამ რეგიონებიდან. ჩვენ ასევე შეშფოთებულნი ვართ შავი ზღვის რეგიონში რუსეთის სამხედრო მომძლავრების გამო. სწორედ ამიტომ ვაძლიერებთ ჩვენ თანამშრომლობას საქართველოსა და ნატოს საზღვაო ძალებს შორის“, - განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ.

გარდა ამისა, ქალბატონი გოტმიოლერი სიტყვით გამოვიდა ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე. თავის გამოსვლაში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოს პარტნიორობა ნატოსთან შეიცავს წევრობისთვის აუცილებელ ყველა პოლიტიკურ და პრაქტიკულ ინსტრუმენტს, როცა ამისთვის სათანადო დრო დადგება.

„საქართველომ უნდა გააგრძელოს აუცილებელი რეფორმების გატარება, რათა იგი იყოს მზად, როცა ნატოს წევრებიც მზად იქნებიან ამ პოლიტიკურ პროცესში შემდგომი ნაბიჯის გადასადგმელად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი
„ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა - onoff.ge შეიქმნა
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს