ვახტანგ გომელაურმა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდზე უმასპინძლა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, როუზ გოტემიოლერს და დელეგაციის წევრებს ხომალდ "დიოსკურიაზე" უმასპინძლა და ნატო-ს ოპერაციათა კონცეფციის შესაძლებლობების (OCC) პროცესში ჩართული სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფები წარუდგინა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

„ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი ბათუმში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის მკაფიო სიგნალი და მხარდაჭერა საქართველოსთვის. მოხარული ვარ, რომ შევხვდი და გავიცანი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გოტემიოლერი და ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები და ელჩები. დავათვალიერეთ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვისთვის გადმოცემული „აილენდის“ კლასის ორი ხომალდი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო ნატო-ს საიმედო პარტნიორია. ჩვენ ჩართულები ვართ ევროატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერებაში. მოგეხსენებათ, შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პასუხისმგებელი შავი ზღვის აუზის რეგიონის უსაფრთხოებაზე და ეს გემები იქნება ჩართული ამ მიმართულებით, რათა უსაფრთხოება ჩვენი ქვეყნის გავაძლიეროთ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

სტუმრებმა საქართველოს სანაპირო დაცვის აილენდის კლასის საპატრულო ხომალდი "ოჩამჩირეც" დაათვალიერეს. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, როუზ გოტემიოლერმა გემის დათვალიერების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

როუზ გოტემიოლერის განცხადებით, საქართველოს სანაპირო დაცვა ემსახურება უსაფრთხოებას და უშიშროებას შავი ზღვის რეგიონში.

“ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა და საქართველოს სანაპირო დაცვის განვითარების ნახვა. მოხარული ვარ რომ მოვინახულე თქვენი სანაპირო დაცვის გემები და მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი სანაპირო დაცვის ოფიცრებს და სამხედრო მოსამსახურეებს. მქონდა საშუალება გავსაუბრებოდი აბორდაჟის გუნდის წევრებს, რომლებმაც ნატო-სთან ერთად გაიარეს წვრთნები. ასევე, ხაზი გავუსვით იმას, რომ საქართველოს სანაპირო დაცვა ემსახურება უსაფრთხოებას და უშიშროებას შავი ზღვის რეგიონში. ძალზედ მოხარული ვარ ბათუმში ყოფნით, მზიანი ამინდით, ბრიუსელში წვიმიანი ამინდის შემდეგ“, - განუცხადა როუზ გოტემიოლერმა ჟურნალისტებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა