გიგა ბოკერია - ირმა ინაშვილმა რაც ისაუბრა, ეს არის რუსული, პუტინის პროპაგანდა

ირმა ინაშვილმა რაც ისაუბრა, ეს არის რუსული, პუტინის პროპაგანდა - პარადოქსია, მაგრამ სასარგებლო იყო მისი აქ ყოფნა, რომ ენახათ, რასთან გვაქვს საქმე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის, როუზ გოტმიოლერის და ნატო-ს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან და საპარლამენტო დელეგაციასთან შედგა.

ბოკერია შეეხო „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ პარადოქსია, თუმცა სასარგებლო იყო, დელეგაციის წევრებს ეს ენახათ.

ირმა ინაშვილმა რაც ისაუბრა, ეს არის რუსული, პუტინის პროპაგანდა, რომ ჩვენ ნეიტრალიტეტი გვინდა - ოღონდ იძახის ოდნავ უფრო ცივილიზებულად, რომ თქვენ რადგან ახლა უარი გვითხარით, ჩვენ ახლა რუსეთთან წავალთ. ნეიტრალიტეტი იმავეს ნიშნავს, რაც რუსული გავლენის სფეროში დარჩენას. პარადოქსია, მაგრამ სასარგებლო იყო მისი აქ ყოფნა, რომ ენახათ, რასთან გვაქვს საქმე. სასარგებლო იყო იმიტომ, რომ ჩვენი პარტნიორების უმრავლესობამ იცის, რომ ეს უბრალოდ, ერთი მარგინალური ფაქტორი კი არ არის, არამედ ივანიშვილის პარტნიორი პარტიაა, ანუ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დანაყოფია. ამიტომ, როცა სხვებს აქვთ უფრო დავარცხნილი გზავნილი, ეს გულწრფელი გზავნილი არის სასარგებლო, რომ ყველამ ეს დაინახოს“, - აღნიშნა ბოკერიამ.

მანვე განაცხადა, რომ შეხვედრაზე „ევროპულ საქართველოს“ ორი გზავნილი ჰქონდა.

„საჭიროა, თავისუფალმა სამყარომ, ჩვენმა მოკავშირეებმა, რომლებიც მხარს გვიჭერენ და ამას ვაფასებთ, უფრო კოორდინირებული და სტრატეგიული წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის აგრესიას საქართველოში, უკრაინასა და მსოფლიოში. მეორე გზავნილია ის საფრთხეები, რაც გველის ქვეყნის შიგნით არჩევნების წინ ივანიშვილის რეჟიმის ძალიან სარისკო ნაბიჯების გამო ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის და ჩვენმა მოკავშირეებმა ეს უნდა იცოდნენ. ამ ორ საკითხზე იყო დისკუსია“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა.

ბოკერიამ ასევე აღნიშნა, რომ გზავნილი თავად ნატო-ს მხრიდან მარტივია.

„ჩვენი მოკავშირეების გზავნილი, სხვას არ ვციტირებ, ზოგადადაც, საჯაროდაც არის მარტივი - დემოკრატია გულისხმობს იმას, რომ მთავრობები აგებენ არჩევნებს და მერე ეგუებიან ამ შედეგს. ამიტომ, რაც სწრაფად შეეგუება ივანიშვილის გუნდი ამ მარცხს, რომელიც მათ მოელით, მით უკეთესი საქართველოსთვის“, - აღნიშნა ბოკერიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა