ოთარ კახიძე - ცუდია, როცა სააკაშვილს, ბოკერიას და სხვებს ერთად გვესხმოდნენ თავს პრორუსული ძალები ლოზუნგით - „თქვენ ტრადიციებს ებრძვით“ და ახლა სააკაშვილი მათ რიტორიკას იზიარებს

უბრალოდ ცუდია, როდესაც ჩვენ, მიხეილ სააკაშვილს, გიგა ბოკერიას და წინა ხელისუფლების სხვა ლიდერებს, ერთად გვესხმოდნენ თავს პრორუსული ძალები სწორედ ამ ლოზუნგით, რომ „თქვენ ტრადიციებს ებრძვით“ და ახლა, მიხეილ სააკაშვილი მათ რიტორიკას გარკვეულწილად იზიარებს, რაც ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტია, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე „ინტერპრესნიუსთან“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ „ყველა პრორუსული ძალა ქადაგებს და სპეკულირებს ეროვნული, ტრადიციული ფასეულობებით და ყველა დასავლური ორიენტაციის პროგრესული საღი ძალა უნებლიე, თავსმოხვეულ კონფლიქტშია ქართულ ტრადიციულ ფასეულობებთან“.

მიხეილ სააკაშვილი და ჩვენ ყველანი ერთად ვიყავით პრორუსული ძალების მხრიდან ადრესატი ბრალდების, რომ თითქოს ქართველობას ვებრძოდით, როდესაც ვიცავდით ადამიანის უფლებებს და უმცირესობებზე ძალადობას კანონიერ პასუხს ვცემდით, როდესაც მივეცით რელიგიურ უმცირესობებს რეგისტრაციის საშუალება, როდესაც განათლების სისტემაში დავნერგეთ სეკულარიზმის პრინციპი - ეს მიდგომები, რამაც ქვეყანა წინ წაწია, სინამდვილეში, ჩვენს ტრადიციებს არ ეწინააღმდეგება, პირიქით. უბრალოდ ცუდია, როდესაც ჩვენ ერთად ვიყავით ამ მხრივ, ერთად გვესხმოდნენ თავს - მიხეილ სააკაშვილს, გიგა ბოკერიას და წინა ხელისუფოლების სხვა ლიდერებს სწორედ ამ ლოზუნგით, რომ -„თქვენ ტრადიციებს“ ებრძვით და ახლა მიხეილ სააკაშვილი მათ რიტორიკას გარკვეულწილად იზიარებს, რაც ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტია“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

როგორც ოთარ კახიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი თავის განცხადებებში, სიტყვა „ლიბერალს“ უარყოფით კონტექსტში ახსენებს.

მიხეილ სააკაშვილი სიტყვა ლიბერალს იყენებს უარყოფით კონტექსტში, რაც არის ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი. როდესაც ილია ჭავჭავაძეს ლიბერალობისთვის თავს ესხმოდნენ, მან უპასუხა - “ლიბერალობა, პატრიოტობა, სალანძღავ სიტყავს არ გაგვიხდიაო”. სააკაშვილის განცხადებიდან გამოდის, რომ უნდა ავყვეთ რუსულ რიტორიკას და უნდა ვამტკიცოთ, რომ ფასეულობებს ეწინააღმდეგება ლიბერალიზმი, რაზეც შემდგომ პირდაპირ თქვა ზაალ უდუმაშვილმა, რომ “ჩვენ გენში გვაქვს ტრადიციების სიყვარული და მას ლიბერალული მიდგომით ვერ ამოშანთავ”. ეს არის მინიშნება, რომ ლიბერალიზმი ცდილობს ჩვენი ტრადიციების ამოშანთვას და ეს არის ძალიან სახიფათო განაცხადი. ეს ფაქტობრივად რუსული პროპაგანდაა“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

მისი განმარტებით, რუსული პროპაგანდა იმ აზრის დამკვიდრებას ცდილობს, რომ ლიბერალური ფასეულობები, თავისუფლების იდეა და განსახვავებულის პატივისცემა ეროვნულ იდენტობას ეწინააღმდეეგება, რაც „სინამდვილეში ასე არ არის“.

„პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ რუსული პროპაგანდა ცდილობს დაამკვიდროს აზრი, რომ თითქოს ლიბერალური ფასეულობები, განსხვავებულის პატივისცემა, უმცირესობის უფლებების დაცვა, თავისუფლების იდეა ეწინააღმდეგება ეროვნულ იდენტობას და ჩვენს ტრადიციებს. სინამდვილეში ეს ასე არ არის - პირიქით, ჩვენი ყველაზე გამოჩენილი და ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადო მოღვაწეები, რომლებსაც ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი ერის ჩამოყალიბების პროცესში, იყვნენ სწორედ ამ იდეების მატარებელი ხალხი - ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, მიხეილ ჯავახიშვილი - ეს ადამიანები იყვნენ ლიბერალები, ეს ადამიანები იბრძოდნენ თავისუფლების იდეისთვის. იბრძოდნენ იმ დასავლური ფასულობებისთვის, რომელიც ასე ახლობელია ჩვენთვის, საქართველოსთვის და რასაც დაგვაშორა ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში, სხვადასხვა დამპყრობელმა და პირველ რიგში, რუსეთის იმპერიამ. შესაბამისად, როდესაც რუსეთი ამ აზრის დამკვიდრებას ცდილობს, პროდასავლური პოლიტიკური ძალები უნდა შევეცადოთ, რომ დავუპირისპირდეთ ამ ნარატივს და ავუხსნათ საზოგადობას, რომ ილია ჭავჭავაძე ლიბერალი იყო და არანაირ ტრადიციას არ ებრძოდა. ვინაიდან დღეს საქართველოში, ვასაძეები, ინაშვილები და სხვები ცდილობენ სიძულვილი იქადაგონ და ადამიანზე ძალადობა ნორმად დაამკვიდრონ და ეს ყველაფერი ეროვნულ ტრადიციებში შეფუთონ, ამას ჩვენ არ უნდა დავეთანხმოთ. ქვეყნის ჩაბნელებას არ უნდა შევუწყოთ ხელი და „ლიბერალი“ სალანძღავ სიტყვად არ უნდა ვაქციოთ“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

„მოდით ვიყოთ გულწრფელები, ყველა, ვინც ქადაგებს ამ „სვეცკური“, ვითომ პროგრესული, ქართული ტრადიციული ცნობიერებისაგან მოწყვეტილი ფასეულობებით, დღეს რეალურად, უნებლიედ (გაცნობიერებულად პუტინის სამსახურში ყოფნას ნუ დავაბრალებთ) პუტინის საქმეს აკეთებს, იმიტომ რომ ქართული საზოგადოების სრულ უმრავლესობას ზურგს აქცევს, დასცინის, შავებად და ბნელებად ნათლავს და საალაფოდ უტოვებს პუტინის ქვეშევრდომებს - ვასაძეებს, ქართულ მარშებს და ასე შემდეგ“, - აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი თავის ვიდეომიმართვაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა