ადვოკატი მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2"-ის ყოფილი თანამშრომლების გამოკითხვაზე დაბარება ნიკა გვარამიასთვის ბრალის დამძიმების მიზნით ხდება

სამაუწყებლო კომპანია „მთავარი არხის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2"-ის ყოფილი თანამშრომლების გამოკითხვაზე დაბარება ნიკა გვარამიასთვის ბრალის დამძიმების მიზნით ხდება. ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს გენერალურ პროკურატურასთან განუცხადა, სადაც ამ წუთებში ნოდარ მელაძის გამოკითხვა მიმდინარეობს.

როგორც დიმიტრი საძაგლიშვილმა აღნიშნა, ნოდარ მელაძე გამოკითხვაზე მოწმის სახით არის დაბარებული.

„ალბათ, კითხვები „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით იქნება, რაც მანამდე ზაალ უდუმაშვილთან და გიორგი ლაფერაშვილთან ჰქონდათ და რაზეც საუბრობდა „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, როცა სამსახურიდან ნოდარ მელაძე გაათავისუფლა. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი სასაცილოა. თუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ ნოდარ მელაძის დაბარებით, საინფორმაციო გამოშვებებში ტონი შერბილდება, ან სარედაქციო პოლიტიკაში რამე შეიცვლება, ძალიან ცდება. გარდა ამისა, პროკურატურა შეეცდება, რომ ამ მიმართულებითაც, ნიკა გვარამიას ბრალის დამძიმება მოახდინოს. ნიკა გვარამიას დირექტორობის პერიოდში და იმ დროს, როცა „რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურს ნოდარ მელაძე ხელმძღვანელობდა, „რუსთავი2" იყო ყველაზე წარმატებული ტელევიზია და ეს აისახებოდა, როგორც რეიტინგებზე, ისე სარეკლამო შემოსავლებზე", - განაცხადა საძაგლიშვილმა.

მისივე განცხადებით, აღნიშნულ გამოკითხვას სამართალთან კავშირი არ აქვს.

„ამ საქმეზე ფიზიკურად შეუძლებელია სამართლებრივ მხარეზე ვისაუბროთ, იმიტომ, რომ ბუნებაში არ არსებობს. პროკურატურა ცდილობს საქმე შეთითხნოს და ამას რამდენიმე მიზანი აქვს. ერთი, ახლაგახსნილი "მთავარი არხის" განეიტრალება და მეორე, "რუსთავი2"-ის გაკოტრების დაბრალება. ხელისუფლება შეეცდება, ეს ნიკა გვარამიას დააბრალოს", - განაცხადა საძაგლიშვილმა.

პროკურატურის ინფორმაციით, ნოდარ მელაძე გამოკითხვაზე „სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს.

იხილეთ ვიდეო: ადვოკატი მიიჩნევს, რომ "რუსთავი 2"-ის ყოფილი თანამშრომლების გამოკითხვაზე დაბარება ნიკა გვარამიასთვის ბრალის დამძიმების მიზნით ხდება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა