მოსამართლეობის კანდიდატი მაია ვაჩაძე მამუკა მდინარაძეს - ხელისუფლებას თუ მოუნდება ზეწოლა განახორციელოს სასამართლოზე, ის  ყოველთვის განახორციელებს

ხელისუფლებას თუ მოუნდება ზეწოლა განახორციელოს სასამართლოზე, ის განახორციელებს ყოველთვის. თქვენც შეგიძლიათ, განახორციელოთ, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა მაია ვაჩაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მამუკა მდინარაძემ მოსამართლეობის კანდიდატს სასამართლოს დამოუკიდებლობის თაობაზე დაუსვა კითხვა.

„ხვალ ხელისუფლებას რომ მოუნდეს, რომ სასამართლო აღარ იყოს დამოუკიდებელი და იყოს ისეთი, როგორიც იყო 2003-2012 წლებში, ამას ადვილად შეძლებს?“ - მიმართა მამუკა მდინარაძემ მაია ვაჩაძეს, რომელმაც უპასუხა, რომ ხელისუფლების სურვილის შემთხვევაში, ასე იქნება.

„ჩვენ ინსტიტუციონალურად იქით მივდივართ, რომ ეს არ მოხდეს, მე რომ მომინდეს ასეთი რამის გაკეთება, ეს არ უნდა მოხდეს. ამისკენ მივდივართ და თქვენ მეუბნებით, რომ ხვალაც შეუძლია ხელისუფლებას ეს გააკეთოს“, - უპასუხა მამუკა მდინარაძემ მოსამართლეობის კანდიდატს.

პასუხად მაია ვაჩაძემ განაცხადა, რომ მოცემულ შემთხვევაში საუბარი პოლიტიკურ ნებაზეა.

„თუ თქვენ ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას შეასუსტებთ, თუ თქვენ მოსამართლეთა პასუხისმგებლობის საფუძვლებს გაზრდით, ინსტიტუციონალურად შეასუსტებთ სახელმწიფოს დამოუკიდებლობას, თუ ასევე, თქვენი ნება იქნება დაიმორჩილოთ სასამართლო... სასამართლო არის ხელისუფლების შტო, ხომ ერთი შტოა? ცალკე მდგომი, მაგრამ ერთ მაგალითს მოგიყვანთ, მე რატომ ვდგავარ აქ? იმიტომ რომ თქვენი ნებაა. მე მოქმედი მოსამართლე ვარ, თქვენ 2 კონვენციის დასკვნა გქონდათ გადანიშვნის შესახებ, გადამნიშნეთ? ხომ არ გადამნიშნეთ, ბატონო მამუკა? ანუ იმის თქმა მინდა, რომ აქ არის პოლიტიკური ნება საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების. თუ თქვენ ეს გექნებათ, რა თქმა უნდა, დაიმორჩილებთ სასამართლოს, ისევე როგორც მე დღეს ვარ აქ და არ მაქვს სხვა არჩევანი“ , - განაცხადა მაია ვაჩაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა