ეკა ბესელია - გარწმუნებთ, ვანო ზარდიაშვილი თავისით არსად წასულა - მას მანდატი დაატოვებინეს

გარწმუნებთ, ვანო ზარდიაშვილი თავისით არსად წასულა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილის მიერ დეპუტატის მანდატის დატოვების გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა.

ბესელიას თქმით, ზარდიაშვილი გაუშვეს და როგორც კობახიძის შემთხვევაში, ახლაც ივანიშვილმა გადაწყვეტილების მიღება დააგვიანა და ზარდიაშვილმა „ქართულ ოცნებას“ ისეთი ზიანი მიაყენა, რომლის რეაბილიტირებაც შეუძლებელი იქნება.

„ქართული ოცნება“ სამწუხაროდ, ყოველთვის აგვიანებს რეაგირებებს. უფრო ადრე, მაშინ, როდესაც მე მათ და პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილს ვეუბნებოდი, რომ ზარდიაშვილი და მსგავსი ადამიანები ააფეთქებდნენ და დაანგრევდნენ არა მარტო პარტიას, არამედ პარლამენტსაც და ამას ვეუბნებოდი, ვიდრე კობახიძე მართლა გადაწვავდა ამ პარლამენტს, მაშინ რომ დაეჯერებინა, ბევრად უფრო ნაკლებ ზიანს მიიღებდა. როგორც კობახიძის შემთხვევაში ვეუბნებოდი და სამწუხაროდ, სანამ ფაქტი არ დადგა, იქამდე არ შეიგონეს, ისევე მოხდა ახლაც. ესეც დააგვიანეს.

გარწმუნებთ, ზარდიაშვილი თავისით არსად წასულა. ეს არ არის ადამიანი, რომელსაც აქვს რაიმე ღირსება და შეუძლია უარი თქვას რამეზე, რაც მისთვის კომფორტულია. მას მანდატი დაატოვებინეს. ეს გადაწყვეტილება მას მიაღებინეს. რას დაწერს ზარდიაშვილი განცხადებაში, არ მაინტერესებს, იმიტომ, რომ ეს სხვისი დაწერილი ტექსტია“, - განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაავრცელა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს