კარლ ჰარცელი - იმედი გვაქვს, პარლამენტი სწრაფად მიიღებს კანონმდებლობას შენობების ენერგოეფექტურობაზე, ხოლო მთავრობა ყველა რესურსს გამოიყენებს ამის განსახორციელებლად

იმედი გვაქვს, პარლამენტი სწრაფად მიიღებს კანონმდებლობას შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ, ხოლო მთავრობა ყველა რესურსს გამოიყენებს ამ კანონმდებლობის განსახორციელებლად, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა საქართველოს, გერმანიასა და საფრანგეთის მთავრობებს შორის ფინანსური ხელშეკრულებების გაფორმების ხელმოწერის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კარლ ჰარცელის განცხადებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარების ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ ენერგოეფექტურობაა და ინიციატივის განხორციელება, რომელიც 2017 წლიდან არსებობს და შენობების ენერგოეფექტურობის გაზრდას უკავშირდება, შეუძლებელი იქნება შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის გარეშე.

„როგორც საქართველოს ენერგორეფორმების დიდი ხნის მხარდამჭერი მივესალმები დღევანდელ ღონისძიებას. 2017 წელს ენერგო თანამეგობრობაში გაწევრიანებით საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი პროევროპული მიმართულებით სვლა და კონკურენტუნარიანი, გამჭვირვალე და მდგრადი ენერგობაზრის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა. ენერგოეფექტურობა ერთ–ერთი მთავარი კომპონენტია ქვეყნის ენერგოსექტორის განვითარებაზე მიმართული ძალისხმევის. ბოლო სამი წლის განმავლობაში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარების ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ ენერგოეფექტურობაა.

2017 წელს ჩვენ, სხვა პარტნიორებთან ერთად, წამოვაყენეთ ინიციატივა შენობების ენერგოეფექტურობის გაზრდის შესახებ. თუმცა, ამ ინიციატივის განხორციელება შეუძლებელი იქნება შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის გარეშე. სწორედ საკანონმდებლო ბაზის მიღებაა ის წინაპირობა, რომელიც უნდა განხორციელდეს მომდევნო საგრანტო დახმარების მისაღებად. უკვე საკმაო ხანია ველით, რომ ეს ბაზა შეიქმნება. ამიტომ, მინდა დღევანდელი შესაძლებლობა გამოვიყენო და კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ იმედი გვაქვს, პარლამენტი სწრაფად მიიღებს კანონმდებლობას შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ, ხოლო მთავრობა ყველა რესურს გამოიყენებს ამ კანონმდებლობის განსახორციელებლად. ეს საშუალებას მისცემს საქართველოს მოსახლეობასა და ბიზნესს, ისარგებლოს ენერგოეფექტურობის სიკეთეებით,”-განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ცნობისთვის, დღეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ევროპისა და აზიის განყოფილების დირექტორმა შტეფან ოპიციმ ხელს მოაწერეს სასესხო და საგრანტო ხელშეკრულებებს: სასესხო ხელშეკრულება „ენერგეტიკის სექტორის რეფორმა - მეორე ფაზა" (PBL) – 60 მილიონი ევრო, სასესხო ხელშეკრულება „წყლის ინფრასტრუქტურა ბათუმში" - 60 მილიონი ევრო, საგრანტო ხელშეკრულება: "ენერგოეფექტურობის ღონისძიებები და შენობების ევროკავშირის ენერგოეფექტურობის სტანდარტებთან მიახლოება II ფაზა" -1.8 მილიონი ევრო. დღესვე, ფინანსთა მინისტრმა საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასი და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ახალმა რეგიონულმა დირექტორმა სესილი კოპრიემ ხელი მოაწერეს სასესხო ხელშეკრულებას: სასესხო ხელშეკრულება „ენერგეტიკის სექტორის რეფორმა - მეორე ფაზა" (PBL) – 60 მილიონი ევრო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს