ომბუდსმენი - მოსამართლეობის კანდიდატებს შორის არიან პირები, რომელთა მიერ  იურიდიული განათლების არანაკლებ მაგისტრის ხარისხის ქონა სათანადოდ არაა დადასტურებული

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვერ უზრუნველყო სრულყოფილად შეემოწმებინა მოსამართლეობის კანდიდატების შესაბამისობა იმ საკანონმდებლო მოთხოვნასთან, რომლის მიხედვითაც მათ უნდა ჰქონდეთ უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით, - ამის შესახებ ნათქვამია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, აღნიშნულ საკანონმდებლო მოთხოვნასთან პირის შესაბამისობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს პროცესის საწყის ეტაპზევე უნდა დაედგინა და ისე დაერეგისტრირებინა კანდიდატად.

„ამის მიუხედავად, აღმოჩნდა, რომ 50 კანდიდატისაგან შემდგარ სიაშიც და პარლამენტისათვის წარდგენილ კანდიდატებს შორისაც არიან პირები, რომელთა მიერ უმაღლესი იურიდიული განათლების არანაკლებ მაგისტრის ხარისხის ქონა სათანადოდ არ არის დადასტურებული ან სერიოზულ კითხვებს წარმოშობს“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, ოფიციალური დოკუმენტაციით ცალსახად დასტურდება, რომ ზაზა თავაძის მიერ მიღებული უმაღლესი იურიდიული განათლება ვერ აკმაყოფილებს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნას. „მოცემულ მომენტში ზაზა თავაძის უმაღლესი იურიდიული განათლება შემოიფარგლება მხოლოდ ბაკალავრის აკადემიური ხარისხით, რაც ვერ აკმაყოფილებს მოსამართლეებისათვის დადგენილ მოთხოვნას უმაღლესი იურიდიული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხით ფლობასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია ანგარიშში.

მასში ასე საუბარია შალვა თადუმაძის მიერ მიღებული უმაღლესი იურიდიული განათლების შესაბამისობაზე კანონის მოთხოვნასთან.

„თავად კანდიდატის მიერ შერჩევის პროცესში წარმოდგენილი და ასევე სახალხო დამცველის აპარატის ხელთ არსებული დოკუმენტაცია აჩენს სერიოზულ კითხვებს შალვა თადუმაძის მიერ მიღებული უმაღლესი იურიდიული განათლების თაობაზე. კერძოდ: 1. დიპლომში მითითებულია, რომ ის ნ.დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში ჩაირიცხა 1993 წელს, მაშინ როდესაც დაწესებულებამ ლიცენზია 1994 წლის 25 აგვისტოს მიიღო. 2. 1993 წელს შალვა თადუმაძე მხოლოდ 15 წლის იყო. 3. დიპლომში საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდებად მითითებულია „ნ.დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი“ მაშინ, როდესაც აღნიშნული სახელწოდება მას ეწოდა ვაკე-საბურთალოს სასამართლოს 2003 წლის 5 დეკემბრის დადგენილების საფუძველზე, ხოლო დიპლომი გაცემულია 1998 წელს. 4. საარქივო მასალებში დაცულია თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტის მხოლოდ 1997-1998 სასწავლო წლის სასწავლო სამუშაო გეგმა, რომელიც მოიცავს 4 (ოთხ) კურსს“, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე საუბარია მირანდა ერემაძის მიერ მიღებულ უმაღლეს იურიდიულ განათლებაზე. „სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, 1991-1995 წლებში ჯამბაკურ ბაქრაძის სახელობის თბილისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტში 4- წლიანი სწავლების შედეგად, მირანდა ერემაძეს მიენიჭა მაგისტრის ხარისხი ერთდროულად ორივე პროფესიაში, როგორც იურისტსა და როგორც ეკონომისტს, რაც წინააღმდეგობაშია მოქმედ კანონთან და საგანმანათლებლო სისტემის ძირითად პრინციპებთან“, - ნათქვამია ანგარიშში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა