ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულის ადვოკატი - დავით მუმლაძე იყო ჩვენი მეგობარი, როგორ გადავცემდით უცხო პოლიციელებს მეგობარს? - ეს წარმოუდგენელია

დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული გიორგი გეთაშვილის უფლებადამცველმა ჟურნალისტებთან იმ გარემოებებზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, გამორიცხავს მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენას.

ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ პოლიციელი წარმოადგენს სახელმწიფოს და სამართალდამცავებთან მხოლოდ დანაშაულის პრევენციის მიზნით არის თანამშრომლობა შესაძლებელი.

„თუ ჩვენ გადავეცით პოლიციას, ის შეიძლება მხოლოდ ყოფილიყო დანაშაულის პრევენციისთვის. გარდაცვლილი დავით მუმლაძე იყო ჩვენი მეგობარი, როგორ გადავცემდით უცხო პოლიციელებს მეგობარს? - ეს წარმოუდგენელია.

ბრალის დადგენილებაში წერია, რომ როდესაც პოლიციელებმა შეაჩერეს მანქანა, რომლითაც მუმლაძე გადაადგილდებოდა, განაიარაღეს, იარაღი წაართვ და ხელბორკილი დაადეს. მათ თავი წარუდგინეს, როგორც პოლიცილებმა. ეს ნიშნავს თუ არა, რომ კანონის დაცვით მოხდა მისი დაკავება?!“ - განაცხადა ადვოკატმა.

ალექსანდრე კობაიძემ პროცესუალურ საკითხებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ის ითხოვს გადაეცეს საქმეში არსებული მტკიცებულებები, თუმცა ამ დრომდე არ გადასცემია.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავებულია სამი დღეა, თუმცა, ოქმი სხვა თარიღით არის შედგენილი და ჩვენ რა თქმა უნდა ამაზე აპელირებას მოვახდენთ. აპელირებას მოვახდენთ აგრეთვე იმაზეც, რომ 8 საათის განმავლობაში არ მომეცა საშუალება, მენახა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი“, - განაცხადა კობაიძემ.

ადვოკატის ინფორმაციით, რუსთავის საქალაქო სასამართლო დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 5 პირის აღკვეთ ღონისძიებაზე დღეს იმსჯელებს.

35 წლის დავით მუმლაძეს ოჯახი 1-ელი ოქტომბრიდან ეძებდა. 5 ოქტომბერს, რუსთავში მდინარე მტკვარმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა. ცხედარს სხეულზე მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა.

შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობის ფაქტზე 5 პირია დაკავებული.

„დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ა. გარდა ამისა, ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დაკავებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლები - 1992 წელს დაბადებული მ.ღ. და 1981 წელს დაბადებული დ.მ. ამავე ბრალდებით, ასევე, დაკავებულია ყოფილი სამართალდამცველი - 1989 წელს დაბადებული დ.დ., ხოლო ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულია 1989 წელს დაბადებული გ.გ.

გამოძიებით დგინდება, რომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულმა გ.ა.-მ და მისმა თანამზრახველმა - 1983 წელს დაბადებულმა ზ.ჯ.-მ, წარსულში არსებული დაპირისპირებისა და შურისძიების მოტივით, 35 წლის მამაკაცის მკვლელობა დაგეგმეს. მსხვერპლის ქალაქიდან მოტყუებით გაყვანის მიზნით, მათ დახმარებისთვის მიმართეს ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებულ გ.გ.-ს, ორ პოლიციელს და ყოფილ სამართალდამცველს. მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, გ.გ.-მ გლდანში, თავის კუთვნილ ავტომობილში ჩაისვა 35 წლის მამაკაცი - დ.მ. გლდანში ავტომობილით მოძრაობის დროს, ისინი ვითომ შემთხვევით შეხვდნენ პოლიციის ფორმაში მყოფ სამ პირს. მათ ავტომობილიდან გადმოიყვანეს დ.მ., უკანონოდ აღუკვეთეს მას თავისუფლება, ჩაიყვანეს რუსთავში და გადასცეს ზ.ჯ-ს და გ.ა.-ს. აღნიშნულმა პირებმა დ.მ. ჩაიყვანეს მტკვრის ნაპირზე და ცივი იარაღით მიაყენეს მრავლობითი დაზიანება. კვალის დამალვის მიზნით, გარდაცვლილის ცხედარი მდინარე მტკვარში გადააგდეს. დ.მ.-ს ცხედარი 5 ოქტომბერს, რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე მტკვარმა გამორიყა“, - აცხადებენ შსს-ში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს