დავით მათიკაშვილის განცხადებით, თუ შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით კითხვებია, ეს კითხვები კანდიდატთან გასაუბრების დროსაც დაისმება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებით ისაუბრა. მათიკაშვილის თქმით, დოკუმენტაციის შესაბამისობაზე შესაბამისმა კომიტეტმა იმუშავა, თუმცა, თუ არსებობს კითხვები, ეს კითხვები კანდიდატთან გასაუბრების დროსაც იქნება დასმული.

„პროცედურა, რომლითაც ხდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება, დადგენილია საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონით. მე ვახსენებ საზოგადოებას, რომ მმართველი გუნდის მიერ იყო შემუშავებული შესაბამისი წესები, რომელიც აქამდე არ არსებობდა, რაც თავის თავში გულისხმობს ჯერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ამ პროცედურას, როგორ უნდა მოხდეს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევა, შემდეგ უკვე პარლამენტში როგორ უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი. ეს წესები შეიცავს აუცილებელ მოცემულობას განათლების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით და სხვა იმ მონაცემთან, რომელიც კანდიდატმა უნდა წარუდგინოს კომიტეტსა და პარლამენტს. თქვენ მოგეხსენებათ, რომ კომიტეტთან არსებობდა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მოახდინა შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება და სადაც ჩათვალა, რომ რაიმე დოკუმენტის დამატებით წარდგენა იყო საჭირო, მოსთხოვა კანდიდატებს. ყველაფერი დანარჩენი უკვე არის შეფასებითი საკითხი. ჩვენ, რა თქმა უნდა, გასაუბრების დროს დავსვამთ შეკითხვებს. მე ეჭვი არ მეპარება არც ერთი კანდიდატის კვალიფიკაციაში, მაგრამ კვალიფიკაცია ერთია, მეორე საკითხია რამდენად შეესაბამება კონკრეტული კანდიდატი ამ ძალიან მაღალ პასუხისმგებლობას. სწორედ ამიტომ გავდივართ ჩვენ იურდიულ კომიტეტში უპრეცედენტოდ საჯარო და დემოკრატიული პროცესს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში საუბარია შალვა თადუმაძის მიერ მიღებული უმაღლესი იურიდიული განათლების შესაბამისობაზე კანონის მოთხოვნასთან.

„თავად კანდიდატის მიერ შერჩევის პროცესში წარმოდგენილი და ასევე სახალხო დამცველის აპარატის ხელთ არსებული დოკუმენტაცია აჩენს სერიოზულ კითხვებს შალვა თადუმაძის მიერ მიღებული უმაღლესი იურიდიული განათლების თაობაზე. კერძოდ: 1. დიპლომში მითითებულია, რომ ის ნ.დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში ჩაირიცხა 1993 წელს, მაშინ როდესაც დაწესებულებამ ლიცენზია 1994 წლის 25 აგვისტოს მიიღო. 2. 1993 წელს შალვა თადუმაძე მხოლოდ 15 წლის იყო. 3. დიპლომში საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდებად მითითებულია „ნ.დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი“ მაშინ, როდესაც აღნიშნული სახელწოდება მას ეწოდა ვაკე-საბურთალოს სასამართლოს 2003 წლის 5 დეკემბრის დადგენილების საფუძველზე, ხოლო დიპლომი გაცემულია 1998 წელს. 4. საარქივო მასალებში დაცულია თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტის მხოლოდ 1997-1998 სასწავლო წლის სასწავლო სამუშაო გეგმა, რომელიც მოიცავს 4 (ოთხ) კურსს“, - ნათქვამია ანგარიშში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს