შალვა თადუმაძე განმარტავს, როგორ ჩააბარა კონკრეტულ ინსტიტუტში 1993 წელს, როცა უმაღლესი სასწავლებელი 1994 წელს დაარსდა

გენერალური პროკურორი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი შალვა თადუმაძე განმარტავს, როგორ ჩააბარა კონკრეტულ ინსტიტუტში 1993 წელს, როცა თავად უმაღლესი სასწავლებელი 1994 წელს დაარსდა.

შესაბამის საკითხზე თადუმაძეს შეკითხვა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დაუსვეს, სადაც მას, როგორც მოსამართლეობის კანდიდატს უსმენენ.

„1994 წელს ჩავაბარე ინსტიტუტში, რომელიც დავამთავრე 1998-ში, თუმცა 1997 წელს მიღებული კანონის საფუძველზე, დიპლომის გამცემი ვალდებული იყო ჩაეწერა სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობა და ვინაიდან ჩემი პროგრამა 5-წლიანი იყო და მე ექსტერნატის ფორმით ჩავაბარე გამოცდები, ინსტიტუტში სწავლის ხანგრძლივობად მიუთითეს 1993 -98 წლები“, - განაცხადა თადუმაძემ.

რაც შეეხება სასწავლებლის იურიდიულ სახელწოდებას, რასთანაც ასევე არსებობს კითხვები, თადუმაძე ამბობს, რომ მისი სწავლის პერიოდში ინსტიტუტი იმ სახელწოდებით ოპერირებდა, რაც დიპლომშია მითითებული.

„ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი - ეს არის მითითებული. მე დავამთავრე ის 1998 -ში. საგადასახადოში რა ერქვა არ ვიცი, მაგრამ ბეჭდებზე და იმ დიპლომზე, რომელსაც თავისი სარეგისტრაციო ნომერი გააჩნია, ყველგან ესაა მითითებული. სარეგისტრაციო სახელი სხვაა და საწარმოო სახელი სხვა,“ - განაცხადა თადუმაძემ.

ცნობისთვის, ომბუდსმენის სპეციალურ ანგარიშში საუბარია შალვა თადუმაძის მიერ მიღებული უმაღლესი იურიდიული განათლების შეუსაბამობაზე კანონის მოთხოვნასთან.

„თავად კანდიდატის მიერ შერჩევის პროცესში წარმოდგენილი და ასევე სახალხო დამცველის აპარატის ხელთ არსებული დოკუმენტაცია აჩენს სერიოზულ კითხვებს შალვა თადუმაძის მიერ მიღებული უმაღლესი იურიდიული განათლების თაობაზე. კერძოდ: 1. დიპლომში მითითებულია, რომ ის ნ.დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში ჩაირიცხა 1993 წელს, მაშინ როდესაც დაწესებულებამ ლიცენზია 1994 წლის 25 აგვისტოს მიიღო. 2. 1993 წელს შალვა თადუმაძე მხოლოდ 15 წლის იყო. 3. დიპლომში საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდებად მითითებულია „ნ.დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი“ მაშინ, როდესაც აღნიშნული სახელწოდება მას ეწოდა ვაკე-საბურთალოს სასამართლოს 2003 წლის 5 დეკემბრის დადგენილების საფუძველზე, ხოლო დიპლომი გაცემულია 1998 წელს. 4. საარქივო მასალებში დაცულია თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტის მხოლოდ 1997-1998 სასწავლო წლის სასწავლო სამუშაო გეგმა, რომელიც მოიცავს 4 (ოთხ) კურსს“, - ნათქვამია ანგარიშში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს