შალვა თადუმაძე - პარლამენტმა გადაწყვიტოს, სად უფრო მენდობა

პარლამენტმა გადაწყვიტოს, სად უფრო მენდობა. დღეს მე თქვენს წინაშე ვარ კანდიდატი, თუ გადაწყვეტთ, რომ ჩემი სანდოობა შესაძლებელია სხვაგან იყოს, პარლამენტმა გადაწყვიტოს, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, მოქმედმა გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მასთან გასაუბრებისას დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი დაინტერესდა, რამ მიაღებინა გადაწყვეტილება მოქმედ გენერალურ პროკურორს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად წარმდგარიყო.

„ნდობა გამოგიცხადეთ ასეთ მაღალ პოზიციაზე, იქ რამე მოხდა ისეთი, რომ დაინახეთ აქ უფრო გამოდგებოდით, თუ თქვენში დაინახეთ რესურსი, რომ უფრო მეტად, კარგად და ოპტიმალურად დახარჯავთ ამ რესურსს უზენაეს სასამართლოში მოსამართლის თანამდებობაზე, ვიდრე გენერალურ პროკურატურაში?“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

„ვიქნები აბსოლუტურად გულწრფელი. ყველა იურისტისთვის მოსამართლის სტატუსი არის ყველაზე აღმატებული სტატუსი, რაც შეიძლება იურისტს ჰქონდეს. მე როდესაც ამ გადაწყვეტილებას ვიღებდი, ბუნებრივია, მქონდა ფიქრი იმის, რომ პარლამენტმა მომცა შესაძლებლობა ვიყო ქვეყნის გენერალური პროკურორი განსაზღვრული ვადით და რამდენად სწორია ჩემი მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღება. ერთის მხრივ, ეს გადაწყვეტილება მივიღე იმ გადმოსახედიდან, რომ მართლმსაჯულების სფეროში იყო ჩემი საქმიანობა ყოველთვის დაკავშირებული და მსგავსი შესაძლებლობა მე აღარასოდეს აღარ მომცემოდა გამომდინარე იქედან, რომ შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციებით დაკომპლექტების შემთხვევაში ეს შესაძლებლობა შეიძლება დამეკარგა.

მეორე მხრივ როგორ უნდა მოვქცეულიყავი, შემეძლო გამომეყენებინა იურიდიული ხრიკებიც, მაგალითად, შემეძლო პირადი განცხადებით დამეტოვებინა თანამდებობა და მერე მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ ეს უფრო დიდ უპატივცემულობად ჩავთვალე პარლამენტის წინაშე. პარლამენტმა გადაწყვიტოს სად უფრო მენდობა. დღეს მე თქვენს წინაშე ვარ კანდიდატი, თუ გადაწყვეტთ, რომ ჩემი სანდოობა შესაძლებელია სხვაგან იყოს, პარლამენტმა გადაწყვიტოს. თუ არ გადაწყვეტთ, მე ბუნებრივია იმ ნდობას და მანდატს განვახორციელებ, რომელიც გამაჩნია“, - განაცხადა თადუმაძემ.

მისივე თქმით, გენერალური პროკურორობა მის კარიერაში დაგეგმილი ნაბიჯი არ ყოფილა.

„გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, რომ გენერალური პროკურორობის ნაწილი ჩემს კარიერაში არ იყო დაგეგმილი. გუნდმა იცის, რომ 2014 წელს ჩემი კანდიდატურა განიხილებოდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ და ეს არ იყო ახალი ამბავი იმისთვის, რომ დამეფიქსირებინა ჩემი მზაობა და სურვილი ამ თანამდებობაზე. თუმცა, ასევე პროკურატურის საკითხი იყო ის კრიზისი, რომელიც პროკურატურაში შეიქმნა. შეიძლება ეს ჩემს ხასიათზეც მეტყველებს. იმ რთულ სიტუაციაშიც მივიღე გადაწყვეტილება, რომ მეცადა ამ მიმართულებით ჩემი შესაძლებლობები. ახლა აბსოლუტურად ღიად ვარ წარმოდგენილი პარლამენტში და პარლამენტმა გადაწყვიტოს სად უფრო მენდობა“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა