შალვა თადუმაძე აცხადებს, რომ არ ახსოვს, რამდენი პირია ბრალდებული ოთხოზორიას საქმეში და ვერ იხსენებს, როდის მოიკითხა ბოლოს გამოძიების დეტალები

გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე აცხადებს, რომ არ ახსოვს რამდენი პირია ბრალდებული საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას საქმეში და ვერც იმას იხსენებს, როდის მოიკითხა ბოლოს აღნიშნული საქმის გამოძიების დეტალები. ამის შესახებ თადუმაძემ პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მასთან გასაუბრება მიმდინარეობს.

გენერალური პროკურორისგან დეპუტატი გიგა ბოკერია დაინტერესდა, რამდენად პრიორიტეტული იყო მისთვის გენერალური პროკურორობის დროს გამოძიების საქმეები, რომელიც ეხებოდა ჩვენი მოქალაქეების უფლებების უხეშ შელახვას საოკუპაციო რეჟიმის მიერ შიგნით, სადაც ეს შესაძლებელია გამოძიებულ იქნას, ან საოკუპაციო ხაზზე.

„ბუნებრივია იყო და ყველა შემთხვევაზე შესაბამისი რეაგირება არის მოხდენილი. თუ კონკრეტულად მკითხავთ გიპასუხებთ“, - განაცხადა თადუმაძემ, რაზეც გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ თადუმაძე მას ანებივრებს.

„ასე ნუ მანებივრებთ ბატონო შალვა, ნუ მეხმარებით“, - განაცხადა ბოკერიამ.

„ასე ნუ ნერვიულობთ ბატონო გიგა, - მიმართა თადუმაძემ ბოკერიას, რაზეც დეპუტატმა განაცხადა: „მე ვნერვიულობ? ახლა დავმშვიდდები, წყალს დავლევ“.

გიგა ბოკერია დაინტერესდა იცნობს თუ არა გიგა ოთხოზორიას საქმეს და იმ დოკუმენტს, რომელიც პარლამენტმა მიიღო - ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას.

„ვიცი, რომ ვინც ამ საქმეშია იდენტიფიცირებული, ყველას აქვს ბრალი წარდგენილი, რამდენ ადამიანს აქვს ბრალი წარდგენილი ზუსტად არ მახსოვს“, - განაცხადა თადუმაძემ.

„ერთი პირია ბრალდებული, ვინც უშუალოდ ჩახმახს გამოკრა. დღემდე არ არიან ის პირები მოხვედრილი სიაში, ვინც ფირზე ჩანს, რომ ეხმარებიან მას მკვლელობაში. ჩვენი წაყაროებით დავადგინეთ გვარები ამ პირების, ვინც იქ იყო, ეს არის, სავარაუდოდ, ახრაკ ქაჯაია, საგუშაგოს უფროსი ნაბაკევში, ეს არის აფხაზეთის ე.წ. მებაჟეები რაშიდ კანჯიოღლი, ოთხოზორიას მკვლელი, ეს არის ალხაზ ალიას ცვეიბა, ბესიკ კუტოღლი, არკადი კვეკვესკირი, სერგეი კორტენკო. ეს თქვენ მთავრობას საჯაროდ მივაწოდე ორჯერ. 20 ივნისის საქმეზე 19 პირია დაკავებული და კიდევ უფრო მეტი ბრალებული. ამდენი წლის განმავლობაში, როცა იცით, რომ თქვენი უწყების პასუხისმგებლობაა ამ პირებს, ვინც ფირზეა გადაღებული მკვლელობისას, ბრალი უნდა წაუყენოთ, რომ მერე სიაში მოხვდნენ, ამისთვის რატომ ვერ მოიცალეთ? - ჰკითხა თადუმაძეს ბოკერიამ.

„თქვენ კიდევ ერთხელ აკეთებთ ინტერპრეტაციას, რომ ეს პირები თქვენ დააიდენტიფიცირეთ. მე არ ვიცი ამ გამოძიების უკანასკნელი დეტალები. დღის განმავლობაში ძალიან ბევრ საქმეს მოვიკითხავ ხოლმე, მაგრამ არ მახსოვს ბოლოს როდის მოვიკითხე. არ გვინდა სენტიმენტები“, - განაცხადა თადუმაძემ.

„გიგა ოთხოზორიას საქმეზე სენტიმენტები მაქვს მინდა გითხრათ, თქვენც უნდა გქონდეთ და რომ არ გაქვთ ეს სენტიმენტი, ეს არის პრობლემა, ბატონო შალვა. იურიდიული კვალიფიკაცია ვერ იპოვეთ წლების განმავლობაში, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეში ბრალი ვისთვის წაგეყენებინათ? და იპოვეთ კვალიფიკაცია უმძიმესი მუხლებით იმ პირებისთვის, ვინც აღელდა აქ გავრილოვის თავხედური ჩამობრძანების გამო და პოლიციელს შეეხო? ეს არის თქვენი არჩევანი ხომ?“ - განაცხადა ბოკერიამ.

„მაგ კითხვაზე პასუხი ბუნებრივია არ მაქვს. რა ვუპასუხო არ ვიცი“, - განაცხადა თადუმაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო