ოთარ კახიძე თადუმაძეს - რატომ არ აქვს დაზარალებულის სტატუსი გიორგი სულაშვილს, რომელმაც აქციაზე თვალი დაკარგა? იცით თუ არა ვინ არის მაკო გომური?

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს შალვა თადუმაძეს უსმენენ, მასსა და ოპოზიციონერ დეპუტატ ოთარ კახიძეს შორის, 20 ივნისის აქციაზე დაშავებულთა დაზარალებულად ცნობაზე კამათი მოხდა. კახიძე დაინტერესდა, რატომ არ აქვს დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული თუნდაც გიორგი სულაშვილს, რომელმაც აქციაზე თვალი დაკარგა.

„გიორგი სულაშვილი არის „რუსთავი 2“-ის თანამშრომელი, რომელმაც „გავრილოვის ღამეს“ დაკარგა თვალი პოლიციის მხრიდან განხორციელებული ძალის გამოყენების შედეგად, დღემდე მას დაზარალებულის სტატუსი არ აქვს“, - განაცხადა კახიძემ.

თავის მხრივ, დეპუტატის ამ კითხვას კითხვითვე უპასუხა გენერალურმა პროკურორმა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ.

„იურიდიული სტანდარტი მითხარით, როგორ დგინდება დაზარალებულის სტატუსი და მერე დამისვით ეს კითხვა. ეგ პოლიტიკური კითხვაა და გინდათ შექმნათ ის, რომ ადამიანმა დაკარგა თვალი და სახელმწიფო მას დაზარალებულად არ ცნობს. სტანდარტი მითხარით, როგორ ხდება დაზარალებულად ცნობა“, - აღნიშნა თადუმაძემ.

თავის მხრივ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა კომიტეტის სხდომაზე განმარტა სტანდარტი, რის საფუძველზე ენიჭება პირს დაზარალებულის სტატუსი.

„სტანდარტი არის შემდეგი - დაზარალებული პირი არის, რომელსაც მორალური, ფიზიკური, ქონებრივი ზიანი მიადგა უშუალოდ დანაშაულის შედეგად. მიადგა თუ არა ფიზიკური ზიანი სულაშვილს დანაშაულის შედეგად?“ - მიმართა კახიძემ თადუმაძეს, რაზეც გენერალურმა პროკურორმა აღიშნა, რომ გამოძიების დასადგენია არსებობდა თუ არ ამ დროს დანაშაული და ვინ ჩაიდინა ის.

„გამოძიების საგანია დანაშაული არსებობდა თუ არა. დანაშაულის ჩამდენისგან მიადგა თუ არა მას ზიანი. სავარაუდო დაზარალებული არ არსებობს, როგორც კი იქნება სტანდარტი დაზარალებულის, აღნიშნული პირი ცნობილი იქნება დაზარალებულად“, - აღნიშნა თადუმაძემ.

ამასთან, კითხვაზე იცის თუ არა ვინ არის მაკო გომური, გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, „მაკო გომური არის ადამიანი, რომელმაც დაკარგა თვალი და მან მიიღო დაზიანება, რომლის გამოც დაკარგა მხედველობა“.

„ეს დაზიანება კანონიერი ქმედებით მიადგა?! არ გამორიცხავთ ამას?“ - განაცხადა კახიძემ, რაზეც თადუმაძემ უპასუხა, რომ „ამას არ გამორიცხავს“.

„არ გამოვრიცხავ, რადგან გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიება დაადგენს ვისი დანაშაულებრივი ქმედებით მიადგა მას დაზიანება“, - აღნიშნა თადუმაძემ.

დეპუტატმა გენერალურ პროკურორს 20 ივნისის აქციის საქმეზე ასევე ჟურნალისტების დაზიანების საკითხზეც დაუსვა კითხვა და დაინტერესდა იყო თუ არა ამ შემთხვევაში ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა და რატომ არ არიან მედიის წარმომადგენლები დაზარალებულად ცნობილები.

„იყო ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა, თუმცა ვადები არ არის გაწერილი დაზარალებულად ცნობის, შესაბამისი სტანდარდები, სავარაუდოდ, საგამოძიებო პროცესში არ არსებობს“, - განაცხადა თადუმაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო