შალვა თადუმაძის განცხადებით, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების თაობაზე  შუამდგომლობაში „არარსებული საქმეები“ მისი თანაშემწის შეცდომის გამო მოხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის განცხადებით, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე მას რეგლამენტი პარლამენტისთვის დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენას არ ავალდებულებდა.

ამავე საქმესთან დაკავშირებით თადუმაძემ ასევე დაადასტურა, რომ პარლამენტისთვის თავდაპირველად წარდგენილ დოკუმენტში ევროსასამართლოს მიერ განხილული სამი საქმე არასწორად იყო დართული და მას კავშირი მელიას ბრალდებასთან არ ჰქონდა.

„პარლამენტში წარმოადგინეთ თხოვნა ჩვენი კოლეგის, ნიკა მელიას დაპატიმრების თაობაზე. მტკიცებულებები რატომ არ წარმოადგინეთ, რაც ამას ადასტურებდა?“, - ჰკითხა ოთარ კახიძემ თადუმაძეს.

თავის მხრივ, აღნიშნულზე გენერალურმა პროკურორმა უპასუხა: „თქვენ არ წაიკითხეთ რეგლამენტი. რეგლამენტში არ წერია, რომ გენერალური პროკურორის მიმართვა საჭიროებს მტკიცებულებების წარდგენას და დასაბუთების მაღალ სტანდარტს“, - განაცხადა თადუმაძემ.

„სიტყვების რახარუხი რად გვინდა? დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი მოითხოვება, რომ პირმა დანაშაული ჩაიდინა და არა მაღალი სტანდარტები. პარლამენტის წევრებს როცა გვთხოვთ, რომ პირის დაპატიმრებაზე თანხმობა მოგცეთ, ერთი ან ორი მტკიცებულება მაინც ვერ მოაყოლეთ? ჩვენმა კოლეგებმა რომან კაკულიამ, მარიამ ჯაშმა არ დაუჭირეს მხარი თქვენი თხოვნის დაკმაყოფილებას, რადგან თქვეს, რომ არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება“, - განაცხადა კახიძემ.

„საღი აზრი არ მოქმედებს, მოქმედებს კანონი. კანონში რაც ეწერა, ის იქნა ჩემი მხრიდან შესრულებული. დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება არ მქონდა. შესაბამისად არ წარმოვადგინე“, - განაცხადა თადუმაძემ.

ასევე თადუმაძემ დაადასტურა, რომ პარლამენტისთვის გაგზავნილ შუამდგომლობის დოკუმენტს დაურთო არარსებული საქმე, კონრადი იტალიის წინააღმდეგ, 1998 წ. თადუმაძის თქმით, ამით „ტექნიკური შეცდომა“ მოხდა.

„აბსოლუტურად გულწრფელად მოგახსენებთ, ალბათ, უმჯობესი იყო, რომ ტექნიკური შეცდომა არ მომხდარიყო. სამი საქმე იყო წარდგენილი, რომელიც მითითებული რეკომენდაციების მიხედვით ჩემი თანაშემწის მიერ არასწორად იყო გამოყენებული. იმავე დღესვე პროკურორთა ჯგუფის მიერ გამოსწორებულ იქნა არასწორი დასაბუთება და სასამართლოში წარდგენილ დოკუმენტში ეს დასაბუთება აღარ არის“, - განაცხადა თადუმაძემ.

სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განმარტა, რომ აღნიშნულ საქმეზე პარლამენტმა კონსტიტუციის და რეგლამენტის შესაბამისად იმოქმედა, რასაც ოთარ კახიძე არ დაეთახმა და განაცხადა:

„თქვენ არ იმოქმედეთ კონსტიტუციით, თქვენ არჩიეთ ბიძინა ივანიშვილის დავალების შესრულება იმას, რომ ელემენტარული მტკიცებულება მოგეთხოვათ, როგორც ბატონმა რომან კაკულიამ გააკეთა,მაგალითად“, - განაცხადა კახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა