შალვა თადუმაძის განცხადებით, მას არ აღელვებს ის ფაქტი, რომ უზენაეს სასამართლოში საქმეების განხილვა შესაძლოა, თამარ ალანიასთან და შოთა გეწაძესთან მოუწიოს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის განცხადებით, მას არ აღელვებს ის ფაქტი, რომ უზენაეს სასამართლოში საქმეების განხილვა შესაძლოა, მოუწიოს მოსამართლეებთან: თამარ ალანიასთან და შოთა გეწაძესთან. თადუმაძის განმარტებით, ერთადერთი, რაც მას აღელვებს, მართლმსაჯულების მხრივ არსებული გამოწვევაა. აღნიშნულის შესახებ შალვა თადუმაძემ პარლამენტში განაცხადა, როდესაც დეპუტატმა ეკა ბესელიამ კითხვა დაუსვა.

„მართლა არ გაღელვებთ ის, რომ უზენაეს სასამართლოში მართლმსაჯულება უნდა განახორციელოთ იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც მეც და თქვენც ერთად მივიჩნევდით, როგორც იმ უკანონო, ძალადობრივი, უსამართლო რეჟიმის შემოქმედებს. მაგალითად, ქალბატონ ალანიას, ბატონ გეწაძეს, არ გაღელვებთ ეს საკითხი?!“ - ჰკითხა ბესელიამ თადუმაძეს.

შალვა თადუმაძემ უპასუხა, რომ ეს კითხვა მას არ ეკუთვნის.

„ქალბატონო ეკა, მაგ ლოგიკაში როცა თქვენ გააჟღერეთ, რომ ამ კითხვას შალვას დავუსვამო, მგონია, რომ ეს კითხვა მათ ეკუთვნით და მე არ მეკუთვნის. მე არ მაღელვებდა მაშინ, როდესაც მათთან შევდიოდი სასამართლო პროცესზე და არც ახლა მაღელვებს რა შემადგენლობა იქნება. ჩემთვის ისინი მაშინაც იყვნენ მოსამართლეები. რაღაცას ვბედავდი, რაღაცას ვერ ვბედავდი და თქვენც ჩემსავით იცით, რა რესურსს ვიყენებდი. მე არ მაღელვებს, მითუმეტეს, რომ ამ ორ შემთხევაში უპირატესობა ჩემს მხარეს იყო“, - აღნიშნა თადუმაძემ.

ამის შემდეგ ეკა ბესელიამ კვლავ ჰკითხა მოსამართლეობის კანდიდატს, დიდი პალატის შემადგენლობაში შესაძლოა, აღმოჩნდნენ საქმეების განხილვისას შოთა გეწაძე და თამარ ალანია, შეუქმნის თუ არა უხერხულობას ის, რომ მართლმსაჯულება ამ მოსამართლეებთან ერთად უნდა განახორციელოს. შალვა თადუმაძის თქმით, პირადად მისთვის დიდი პატივი იქნება შოთა გეწაძესთან ერთად განახორციელოს მართლმსაჯულება.

„გამომდინარე იქიდან, რომ ამ პროფესიაში ვარ, მე, ბატონ გეწაძესთან ერთად განვახორციელე ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო, რომელიც ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შემუშავებას. ჩემთვის დიდი პატივი იყო ბატონ შოთა გეწაძესთან ერთად ამ პროცესში მიმეღო მონაწილეობა და მისი კვალიფიციური აზრი, კვალიფიციური წინადადებები და ხედვები ამ პროცესში გამომეყენებინა. მოსამართლეს და ადვოკატს შორის სტატუსის თვალსაზრისით არ მოვრიდებივარ ბატონი შოთა გეწაძის შეფასებას, ვინ, ვინ და თქვენ კარგად იცით ბატონი შოთა გეწაძის შეფასება. მე შევაფასე ის, როგორც შევაფასე, თუმცა ეს მაშინაც არ მიქმნიდა არანაირ უხერხულობას“, - განაცხადა თადუმაძემ.

ამასთან, ბესელიამ ჰკითხა, მიიღო თუ არა მოსამართლე შოთა გეწაძემ სწორი გადაწყვეტილება, რომლითაც ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა. შალვა თადუმაძემ უპასუხა, რომ მოსამართლე შოთა გეწაძის გადაწყვეტილება არ იყო სწორი და ამ მოსამართლის აცილების საფუძველი სასამართლოს დარბაზშიც დააფიქსირა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა