არჩილ თალაკვაძე მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით, მონტენეგროში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, პირველი შეხვედრა მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ივან ბრაიოვიჩთან შედგა.

ორმხრივ და გაფართოებულ ფორმატში გამართულ შეხვედრებზე საქართველოსა და მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეებმა ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს და სხვადასხვა მიმართულებით, თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და ხაზგასმით აღნიშნეს ამ პროცესში მეგობარი ქვეყნების გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა. ივან ბრაიოვიჩმა არჩილ თალაკვაძეს მონტენეგროს მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე დასავლური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარემ პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოთქვეს. არჩილ თალაკვაძემ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოსა და მონტენეგროს შორის პარტნიორული ურთიერთობები მეტ სტიმულს მისცემს საპარლამენტო ურთიერთობებს.

არჩილ თალაკვაძემ მადლიერება გამოხატა მონტენეგროს შეიარაღებული ძალებისადმი, მრავალეროვან სამხედრო წვრთნებში აქტიური მონაწილეობისათვის.

„ჩვენი კულტურა და ისტორია არის ის, რაც განსაზღვრავს ჩვენს არსს და ეს არის ის, რასაც უდიდეს პატივს სცემენ ჩვენი ქვეყნები. ჩვენს ქვეყნებს შორის უამრავი მსგავსებაა ამ მხრივ, რაც შეიძლება საერთო საფუძვლად იქნას გამოყენებული ხალხთა შორის სამომავლო კავშირების გაძლიერებისათვის. მადლიერებას გამოვხატავთ მონტენეგროს შეიარაღებული ძალებისადმი მის მიერ მრავალეროვან სამხედრო წვრთნებში აქტიური მონაწილეობისათვის. აღნიშნული წვრთნები მიზნად ისახავს ნატოსთან და პარტნიორ ქვეყნებთან თავსებადობის ზრდას და შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებას. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი სამხედროები მხარდამხარ იცავენ რეგიონალურ მშვიდობასა და სტაბილურობას“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და მონტენეგროს პრეზიდენტს, მილო ჯიუკანოვიჩს შორის. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ წვლილზე, რომელიც საქართველოს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში შეაქვს, ასევე, ხაზი გაესვა ჩვენი ქვეყნის საკვანძო როლს საერთაშორისო მისიებში. მილო ჯიუკანოვიჩმა აღნიშნა, რომ იგი ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში, მიმდინარე რეფორმებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

მონტენეგროს პრეზიდენტმა არჩილ თალაკვაძეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. დღესვე, არჩილ თალაკვაძე მონტენეგროს ვიცე პრემიერ მინისტრს, მილუტინ სიმოვიჩს შეხვდა. ყურადღება გამახვილდა განათლების, კულტურისა და ტურიზმის მიმართულებით კავშირების გააქტიურებაზე. დაიგეგმა სამომავლო ნაბიჯებიც.

დღესვე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დელეგაციასთან ერთად, მებრძოლი პარტიზანების მემორიალი მოინახულა და გვირგვინით შეამკო.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს