ლევან სურგულაძე - საპენსიო სააგენტომ შეიმუშავა ინსტრუქცია დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა უფლება-მოვალეობების შესახებ

საპენსიო სააგენტოს დირექტორმა 2018 წლის საქმიანობის ანგარიში პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტზე წარადგინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპენსიო სააგენტოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ლევან სურგულაძემ კომიტეტის წევრებს დეტალურად გააცნო სააგენტოს დაფუძნების დღიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე ჩატარებული სამუშაოები.

პარლამენტის მიერ წარდგენილ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2018 წლის 15 აგვისტოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა საპენსიო სააგენტოს დებულება, 5 წლის ვადით კი კონკურსის წესით შეირჩა საპენსიო სააგენტოს დირექტორი. კომიტეტის სხდომაზე ლევან სურგულაძემ დეპუტატებს თანმიმდევრულად გააცნო სააგენტოს მიერ განხორციელებული ქმედებები: ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბება, საშტატო განრიგი, სააგენტოს ოფიციალური ატრიბუტიკის შექმნა. სააგენტოს მიერ შემუშავებული საპენსიო შენატანების მიღებისა და ადმინისტრირების მოდელი, მეთოდოლოგია, პროცედურები და ტექნიკური გადაწყვეტის პროექტი.

ლევან სურგულაძის განცხადებით, საპენსიო სააგენტომ ასევე შეიმუშავა ინსტრუქცია დამსაქმებლისა და თვითდასაქმებულების, ასევე დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა უფლებებისა და მოვალეობების შესახებ; მონაწილეთა ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშების გახსნის, მართვისა და ოპერირების წესები და პირობები და სააგენტოს ნომინალური მფლობელობის ანგარიშებზე ზედმეტად გადახდილი თანხების უკან დაბრუნების წესი. საპენსიო სააგენტოში შეიქმნა ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა.

31 დეკემბერს საპენსიო სააგენტო მზად იყო 1 იანვრიდან “დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონის იმპლემენტაციისთვის. საპენსიო სააგენტომ საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ 10 კომერციულ ბანკში გახსნა ნომინალური მფლობელობის ანგარიშები და გააფორმა შესაბამისი, საბანკო მომსახურების ხელშეკრულებები. დაიწყო ელექტრონული კავშირი სამოქალაქო რეესტრსა და სახელმწიფო ხაზინასთან. მოსახლეობის ინფორმირების მიზნით საპენსიო სააგენტოს მენეჯმენტმა ჩაატარა შეხვედრები არასამთავრობო, სამთავრობო, მედიის, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და ადგილობრივი აზრის ლიდერებთან მთელი საქართველოს მასშტაბით. ამოქმედდა საპენსიო სააგენტოს ოფიციალური და ფეისბუქ-გვერდები. საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით შეიქმნა ინფორმაციულ ანიმაციური რგოლი. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საპენსიო საააგენტო აქტიურად თანამშრომლობდა დონორ ორგანიზაციებთან მათ შორის, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს, აზიის განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკის, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტებთან.

ლევან სურგულაძის განმარტებით, საქართველოს პარლამენტის მიერ შერჩეული აუდიტორული კომპანიის, „ერნსტ&იანგის“ საქართველოს მიერ საპენსიო სააგენტოს შესახებ მომზადებული დასკვნა არის შემდეგი: ,,წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგება, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, სამართლიანად ასახავს „სააგენტოს“ ფინანსურ მდგომარეობას 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ასევე მისი საქმიანობის ფინანსურ შედეგებსა და ფულადი სახრსების მოძრაობას ამავე თარიღით დასრულებული პერიოდისთვის, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების („ფასს“) შესაბამისად“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა