ადვოკატი - ლეილა მუსტაფაევას მიერ გერმანიაში თავშესაფრის მიღება დასტურია, რომ ამ საქმეზე არ მომხდარა ეფექტური რეაგირება და ეს გადაწყვეტილება ევროსასამართლოს გავუგზავნეთ

იმის ნაცვლად, რომ გამოძიება დაკავებულიყო დანაშაულის ჩამდენი კონკრეტული პირების ძებნითა და იდენტიფიცირებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა აფგან მუხთარლის მეუღლის ლეილა მუსტაფაევას მიმართ, - ამის შესახებ აფგან მუხთარლის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ადვოკატთან ერთად პრესკონფერენციას აფგან მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევაც ესწრებოდა.

არჩილ ჩოფიკაშვილმა აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებული ახალი გარემოებები წარმოადგინა, რომლებიც მისი თქმით, ევროსასამართლოს დასკვნის გამოტანას დააჩქარებს.

„ქალბატონი ლეილა თავის შვილთან ერთად იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა და გადასულიყო გერმანიაში, სადაც, სათანადო პროცედურების გავლის და შესაბამისი ორგანოებისთვის მიმართვის შემდეგ მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი. თავშესაფრის მიღება იქნება კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ამ საქმეზე არ მომხდარა ეფექტური რეაგირება და ევროსასამართლოს გავუგზავნეთ ეს გადაწყვეტილება. სასამართლომ ეს დოკუმენტი დაურთო საქმეს და გაუგზავნა მოპასუხე სახელმწიფოებს საქართველოსა და აზერბაიჯანს. ნაცვლად იმისა, რომ გამოძიება დაკავებულიყო დანაშაულის ჩამდენი კონკრეტული პირების ძებნითა და იდენტიფიცირებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა აფგან მუხთარლის მეუღლის ლეილა მუსტაფაევას მიმართ.

კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც უპასუხოდ დარჩა ჩვენთვის და მთელი საზოგადოებისთვის იყო ბარათაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ ვიდეო ჩანაწერში გამოჩენილი შავ პიჯაკში ჩაცმული მამაკაცი, რომელიც აუცილებლად უნდა გაერკვია გამოძიებას თუ ვინ იყო და რა კავშირი ჰქონდა მას აფგან მუხთარლის გატაცებასთან, თუმცა გაირკვა, რომ ვიდეო ჩანაწერი საერთოდ აღარ გაიხსნა. პროკურატურამ ჩაატარა ექსპერტიზა და ექსპერტებმაც ვერ დაადგინეს თუ რატომ არ იხსნებოდა ვიდეო ჩანაწერი. ანუ აღმოჩნდა, რომ ერთი ძაფი, რომელიც ამ საქმეში იყო ხილული ჩვენთვის და ამ ძაფით შეიძლებოდა საქმის გამოძიება და ამ დანაშაულის გახსნა ფაქტიურად აღარ არსებობს. ვთვლი, რომ ეს ახალი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც პოლიტიური თავშესაფრის მიღებას ეხება, დააჩქარებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანას," - განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისში გასული წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით - აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის ან ძალადობის მუხლებით ჰქონდა წაყენებული.

2018 წლის 12 იანვარს აზერბაიჯანულმა სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო