ნინო ლომჯარია - შალვა თადუმაძეს ვურჩევდი, დიპლომის აღიარების და ხარისხის დადგენის მოთხოვნით კომპეტენტურ ორგანოს მიმართოს

“მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მარტივი და სწორი გამოსავალი იქნება, რომ შალვა თადუმაძემ მიმართოს იმ კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც დაადგენს დიპლომის ნამდვილობას და ხარისხს”,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, განათლების სამინისტროში არსებობს სსიპ, სადაც შესაძლებელია განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადგენა.

„მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ამდენი კითხვის ნიშანი ამ თემის ირგვლივ, დასაბუთებული ან დამაჯერებელი პასუხები საზოგადოებისთვის არ გაცემულა. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მარტივი და სწორი გამოსავალი იქნება, რომ შალვა თადუმაძემ მიმართოს იმ კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც დაადგენს დიპლომის ნამდვილობას და ხარისხს. არაერთ პირს აქვს გავლილი ხარისხის კონტროლი და დადასტურებული მისი ხარისხი და დიპლომის ნამდვილობა. კარგი იქნებოდა მას აქამდე გაეკეთებინა ეს, მაგრამ დღესაც არის შესაძლებელი და მას ვურჩევდი მიმართოს დიპლომის აღიარების და ხარისხის დადგენის მოთხოვნით ამ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს”,- განაცხადა ლომჯარიამ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რამდენად ობიექტურად იქნება გამოძიება წარმართული დიპლომის ხარისხის დადგენის კუთხით, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ხარისხის მართვის სააგენტომ არ დაადასტურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განხილული მოსამართლეობის კანდიდატის დიპლომი, მაგრამ კანდიდატებმა შეძლეს და სასამართლოს გზით დაადასტურეს ამ დოკუმენტების ნამდვილობა.

“სამწუხაროდ, სასამართლოს გადაწყვეტილებები და მსჯელობა იყო ძალიან რბილად რომ ვთქვათ, ძალიან სუსტი და არასათანადოდ დასაბუთებული იმ შემთხვევებში, როდესაც ის უდასტურებდა, რომ კანდიდატების დიპლომები ნამდვილად შეესაბამება მაგისტრის ხარისხს, ამიტომ უფრო მეტად პრობლემებს ვხედავთ სასამართლო ეტაპზე, ვიდრე ხარისხის მართვის სააგენტოს მიერ გაცემულ გადაწყვეტილებებში”, - განაცხადა ლომჯარიამ.

იხილეთ ვიდეო:

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა