ოთარ კახიძე თადუმაძის დიპლომზე - ვიდრე  კომპეტენტური პასუხები არ დაიდება, არათუ უზენაეს სასამართლოში დაწინაურება, არამედ გენპროკურორი განცხადებას უნდა წერდეს გადადგომაზე

მინდა ყველას ვურჩიო, ყურადღების გადატანის ნაცვლად, ვფოკუსირდეთ იმ საკითხზე, რომელიც გვაქვს. დღეს ჩვენ გვყავს გენერალური პროკურორი, რომლის იურიდიული განათლებაც კითხვის ნიშნის ქვეშ არის და ამ გენერალურ პროკურორს ახლა უზენაეს სასამართლოში უპირებენ გადაყვანას”,-ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა ოთარ კახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის დიპლომთან დაკავშირებით ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ოთარ კახიძის თქმით, “თუ ვინმემ სადღაც რაღაც გააყალბა და დიპლომი იყიდა” , აღნიშნული არანაირად არ უკავშირდება შალვა თადუმაძის შემთხვევას.

ამასთან, ოთარ კახიძე ამბობს, რომ შალვა თადუმაძის საქმეზე გამოძიების დაწყება ლეგიტიმურია, რადგან დიპლომში ცალსახად გაყალბებული მონაცემია შეტანილი.

“როდესაც დიპლომში ყალბი მონაცემია და წელი არის შეცვლილი, ეს ავტომატურად, სრულიად ლეგიტიმური გამოძიების დაწყების საფუძველია - არის თუ არა ეს განზრახ გაყალბებული რაიმეს დაფარვის მიზნით. ამავე დროს , კითხვებს ბადებს ის გარემოება, რომ შალვა თადუმაძემ თურმე ექსტერნად დაამთავრა ხუთწლიანი ინსტიტუტი ოთხ წელიწადში, თან ისე, რომ სამიანებზე სწავლობდა. არც ერთი კურსელი და ლექტორი რომ არ გახსოვს აბსურდული მიზეზით, რომ თითქოს პერსონალური მონაცემი ყოფილა ლექტორის დასახელება სრული აბსურდია და დამატებით არაკომპეტენტურობასაც ავლენს . პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ცოდნაც ევალება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს. მთელი ბუკეტია იმ კითხვების, რომელიც არის ლეგიტიმური საფუძველი, რომ დაიწყოს ამ საკითხის შესწავლა. კითხვები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფსაც გაუჩნდა, არასამთავრობოებსაც, სახალხო დამცველსაც და ამ კითხვებზე, ვიდრე კომპეტენტური პასუხები არ დაიდება, მანამდე არათუ უზენაეს სასამართლოში დაწინაურება, არამედ როგორც გენერალური პროკურორი განცხადებას უნდა წერდეს გადადგომაზე. ეს ყველაფერი ურტყამს ჩვენი სახელმწიფოს რეპუტაციას. როგორც არ უნდა შევაფასოთ ივანიშვილის რეჟიმი და იცით ჩემი წარმოდგენა მასზე, თადუმაძე მაინც გენერალური პროკურორია და მოქალაქეებს ბრალს უყენებს ყალბი დოკუმენტების შედგენისთვის. 362 -ე მუხლით 1000-ზე მეტი საქმეა გამოძიებაში ოფიციალური სტატისტიკით და როგორ შეიძლება გენერალურმა პროკურომა თავად არ გასცეს ადეკვატურ კითხვებს პასუხი და მისმა უწყებამ გამოძიება და დევნა აწარმოოს დოკუმენტების გაყალბებაზე”,-განაცხადა ოთარ კახიძემ.

ცნობისთვის, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ნაზი ჯანეზაშვილმა იგივე უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა, რომელიც შალვა თადუმაძემ. როგორც მდინარაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ზაზა თავაძეს უსმენენ, განაცხადა, ინსტიტუტი, რომელიც შალვა თადუმაძემ დაამთავრა 2003 წლამდე ფიქსირდებოდა როგორც თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი და იგივე უმაღლესი 2002 წელს ნაზი ჯანეზაშვილს აქვს დამთავრებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო