„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ - სექტემბერში, „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ კონტეინერების რეკორდული რაოდენობა - 51,272 TEU დაამუშავა

მიმდინარე წლის სექტემბერში, „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ კონტეინერების რეკორდული რაოდენობა - 51,272 TEU (ოცფუტიანი კონტეინერი) დაამუშავა, რაც ფოთის საზღვაო ნავსადგურის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია,- ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ „ეიპიემ ტერმინალსიდან“ აცნობეს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის მარტიდან მიღწეული ყოველთვიური რეკორდები, რომლებიც ნავსადგურში ფიქსირდება სხვადასხვა საოპერაციო მიმართულებით (საკონტეინერო ტვირთბრუნვა, გემების რაოდენობა, სარკინიგზო ვაგონების მოძრაობა და სხვა) უშუალოდაა განპირობებული როგორც დადებითი ძვრებით დაკავშირებულ ეკონომიკებში, ისე კომპანიის მიერ გაწეული დიდი ძალისხმევითა და მრავალმხრივი მიდგომებით.

ფოთის საზღვაო ნავსადგურმა დაამუშავა 6 403 000 ტონა ტვირთი, რომელიც, თავის მხრივ, გემების გაზრდილმა რაოდენობამ შემოიტანა. 2019 წელს სექტემბრის ჩათვლით, წინა წლის იმავე მონაკვეთთან შედარებით, ნავსადგურში შემოსული გემების რაოდენობა გაიზარდა 33%-ით, მათ შორის საკონტეინერო გემების წილმა 41.5% შეადგინა, რამაც შექმნა 388,705 TEU კონტეინერის დამუშავების შესაძლებლობა. ეიპიემ ტერმინალს ფოთის მიერ დამუშავებული TEU-ს რაოდენობამ წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 47.7%-ით გადააჭარბა.

„სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული გაუმჯობესებების, როგორებიცაა „სვიცერთან“ თანამშრომლობის შედეგად ნავსადგურის დახურვის დღეების შემცირება, პროცედურების გაციფრულება თუ აქტიური კომერციული ჩართულობა, და გარკვეული გარე ფაქტორებისა და გეოპოლიტიკური ცვლილებების კომბინაციით, შევძელით გაგვეზარდა ჩვენი სატვირთო ოპერაციების მოცულობა და ეფექტურობა და ნავმისადგომის თეორიულ წარმადობასაც კი გადაგვეჭარბებინა. დარწმუნებული ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა საკონტეინერო ტერიტორიამ მიაღწია მოცულობის მაქსიმუმს, რამაც მომხმარებლებს შეუქმნა გარკვეული შეფერხებები, ფოთის საზღვაო ნავსადგურს აქვს დიდი პოტენციალი, გახდეს გლობალური ლოგისტიკური ჯაჭვის ცენტრალური ფიგურა რეგიონში და რეკორდები, რომლებსაც ყოველთვიურად ვაღწევთ წარმოადგენს სარწმუნო დასტურს იმისა, რომ ნავსადგური, მართლაც რომ, იმსახურებს შემდგომ ინვესტიციებსა და გაფართოებას. აღნიშნული შექმნის შესაძლებლობას, მომხმარებლებს მიეწოდოთ გამორჩეულად ეფექტური მომსახურება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკების გაძლიერებას“, - განაცხადა "ეიპიემ ტერმინალს ფოთის" გენერალურმა დირექტორმა, კლაუს ჰოლმ ლოურსენმა.

კომპანიის ინფორმაციით, 2019 წელს დამუშავებული კონტეინერების 14.1%-ს შეადგენს მაცივარ-კონტეინერები, რომლითაც საქართველოში ძირითადად ხორცი, ხილი და საკონდიტრო პროდუქტები შემოდის. ფოთის საზღვაო ნავსადგურში დამუშავებული ტვირთების 33.2%-ს იმპორტი შეადგენს, 28.7% ექსპორტზე გადის, ხოლო 38.1% ტრანზიტული დანიშნულებისაა. უფრო კონკრეტულად, ტვირთების მნიშვნელოვანი მოცულობა მიემართება აზერბაიჯანში, სომხეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში.

მარკო მიკელსონი - საქართველომ ყურადღების მოსაპოვებლად უნდა იბრძოლოს - პატარა ქვეყნები იმაზე დიდები უნდა ვიყოთ, ვიდრე ფიზიკურად ვართ
ქართული პრესის მიმოხილვა 25.02.2020
ირაკლი მელაშვილი - ვფიქრობ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებულ  ფონზე ხელისუფლებას გაუჭირდება ოპოზიციისთვის მოლაპარაკებების ჩაშლის გადაბრალება
როგორ დავაჩქაროთ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება აზიასა და წყნარ ოკეანეთში