თამთა თოდაძის ადვოკატი - არ ვეთანხმებით პროკურატურის მოთხოვნას, ილია ჯიშკარიანისთვის გირაოს შეფარდებაზე - ცალსახად ვითხოვთ პატიმრობას

თამთა თოდაძის ადვოკატის, თამარ ლუკავას განცხადებით, პროკურატურის მოთხოვნას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების თაობაზე, დაზარალებულის მხარე არ ეთანხმება. ამის შესახებ ლუკავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დაზარალებულმა მხარემ გენერალურ პროკურორს აღნიშნული საქმის კონტროლზე აყვანის თხოვნით მიმართა.

„მივუთითეთ იმ მტკიცებულებების თაობაზე, რომელიც საქმეში დევს და რომელიც ცხადყოფს, რომ ბრალდებულ ილია ჯიშკარიანის მხრიდან ადგილი ჰქონდა მოწმეზე ზემოქმედების მცდელობასა და მტკიცებულებების განადგურებას. შესაბამისად, არ ვეთანხმებით პროკურატურის მოთხოვნას გირაოსთან დაკავშირებით. ჩვენ ცალსახად ვითხოვთ პატიმრობის შეფარდებას. რამდენიმე დღეა ამასთან დაკავშირებით გვაქვს მიმართვა პროკურორებთან. ჩვენი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნისას, მოეთხოვათ პატიმრობის შეფარდება, თუმცა პროკურორმა არ გაითვალისწინა დაზარალებულის მოსაზრება და აღკვეთის ღონისძიების სახით მოითხოვა გირაოს შეფარდება", - განაცხადა ლუკავამ.

ამასთან, თოდაძის ადვოკატის განცხადებით, ილია ჯიშკარიანს არ აქვს ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომ არ შეიძლებოდეს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება ან არ შეეძლოს სასამართლოში მისვლა პროცესზე დასწრების მიზნით.

„აქამდე სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ იდო სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას. ასე რომ, ჩვენ წერილობით მოვითხოვეთ, გამოითხოვოს პროკურატურამ ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის სრული მასალები“, - განაცხადა ლუკავამ.

დღეს „ნიუ ჰოსპიტალსში" საკრებულოს დეპუტატის ილია ჯიშკარიანის სასამართლო პროცესი გაიმართება. ჯიშკარიანი საავადმყოფოში გულის იშემიური დაავადების დიაგნოზითაა მოთავსებული.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს 8 ოქტომბერს, საკრებულოს თანამშრომლის თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს