The National Interest - საქართველო იმსახურებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას შეერთებულ შტატებთან

საქართველომ დაამტკიცა, რომ ის იმსახურებს შეერთებული შტატების მიერ ნაკისრი ვალდებულების გამოხატვას და უფრო ძლიერ ალიანსს. მან ასევე დაამტკიცა, რომ შეუძლია და იმსახურებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას შეერთებულ შტატებთან, - ამის შესახებ The National Interest- ის მიერ საქართველოზე გამოქვეყნებულ სტატიაში „საქართველო ამერიკასთან თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას იმსახურებს“ არის ნათქვამი.

სტატიის ავტორი ასევე ამბობს, რომ რუსეთის საზიანო გავლენის მიუხედავად, საქართველომ უშველებელი წინსვლა იქონია ბოლო ათწლეულის განმავლობაში. მთავრობა აგრძელებს სვლას დასავლეთთან მეტი ინტეგრაციისკენ და საქართველოს ეროვნული ეკონომიკის ლიბერალიზაციის ნაწილში მიღწეული პროგრესი უდავოდ აღსანიშნავია.

„ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის პრეტენდენტია საქართველო 2008 წლიდან და განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობა ევროკავშირთან 2014 წლიდან ჩამოუყალიბდა, როდესაც ასოცირების შეთანხმებას მოეწერა ხელი. საქართველომ ძლიერი პარტნიორობა შეინარჩუნა შეერთებულ შტატებთან. ის წლებია განაგრძობს აშშ მისიაში მონაწილეობას ავღანეთში და დღემდე 870 ჯარისკაცი ჰყავს დისლოცირებული ადგილზე, თან უკანა ხაზზე მდგომი პოზიცია ნამდვილად არ გააჩნია. საქართველომ ყველაზე დიდი დანაკარგი იწვნია ავღანეთში განლაგებული კოალიციის ყველა პარტნიორთან შედარებით,“ - ნათქვამია სტატიაში.

The National Interest- ის სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ქვეყანას შესანიშნავი შედეგები აქვს საბჭოთა წარსულის მარწუხებიდან გათავისუფლებისა და ეროვნული ეკონომიკის ლიბერალიზაციის კუთხით.

„საერთაშორისო ორგანიზაცია The Heritage Foundation ეკონომიკური თავისუფლების ყოველწლიურ ინდექსს აქვეყნებს 1996 წლიდან მოყოლებული. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველომ „ეკონომიკურად შეჭირვებული“ ქვეყნების კატეგორიას დააღწია თავი და „ეკონომიკურად თავისუფალი“ ქვეყნების კატეგორიაში დაწინაურდა ნახტომისებური ეფექტით. ინდექსში მისი აღმასვლა 124-ე პოზიციიდან მე-16 ადგილამდე ყველაზე დიდი მიღწევაა ამ საერთაშორისო რეიტინგის ისტორიაში. ამერიკის შეერთებული შტატები უკვე წლებია განიხილავს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას საქართველოსთან. ახლა უკვე დადგა ამის დრო. ეს ნამდვილად იქნება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსადმი მხარდაჭერის ხელშესახები შედეგი, რაც განსაკუთრებით სასურველია მომავალ წელს ჩანიშნული საპარლამენტო არჩევნების ფონზე. გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ მთელი ამ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში პრორუსული პროპაგანდა იმაზე მოახდენს აპელირებას, რომ აზრი არ გააჩნია პრო-დასავლური პარტიისთვის ხმის მიცემას, რადგან დასავლეთი (სავარაუდოდ) არასოდეს დაუფასებს საქართველოს ძალისხმევას. არადა, აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებით ეს არგუმენტი უსაფუძვლო გახდება. თუმცა, ეს არ მოხდება რუსეთის ჯიბრზე. ეკონომიკური რეფორმების განხორციელებითა და საერთაშორისო დონეზე დასავლეთის გმირული მხარდაჭერით, საქართველომ დაამტკიცა, რომ თავისუფალი სავაჭრო პარტნიორობის ღირსია. „სუფრა გაშლილია“ - ყველაფერი მზადაა შეთანხმების გასაფორმებლად.

თუ შეერთებული შტატები მოისურვებს მყისიერი ეფექტი იქონიოს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის დაწინაურებაზე და მხარდაჭერის დემონსტრირებაზე, მაშინ კონგრესმა სწრაფად უნდა დაამტკიცოს კელი დეგნანი საქართველოში შეერთებული შტატების ელჩად. თბილისს აშშ-ს ელჩი უკვე წელიწად ნახევარია არ ჰყავს და ამის ეფექტი ქართველებში შეიგრძნობა,“ – წერია სტატიაში.

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი
„ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა - onoff.ge შეიქმნა
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს