დიმიტრი გვრიტიშვილი ომბუდსმენის ანგარიშზე - ფაქტების მიჩქმალვით და დამახინჯებით ხდება მოქმედი მოსამართლის დისკრედიტაცია

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა საბჭოს დღევანდელ სხდომაზე სახალხო დამცველის ანგარიში გააკრიტიკა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევ პროცედურას ეხება.

როგორც დიმიტრი გვრიტიშვილმა აღნიშნა, ანგარიშში მოსამართლე გიორგი ტყავაძესთან და მისი განათლების ხარისხთან დაკავშირებით ფაქტობრივი უზუსტობაა. მისი თქმით, „საქმე გვაქვს ფაქტების მიჩქმალვასთან, ფაქტების დამახინჯებასთან და მიზანმიმართულად მოსამართლის დისკრედიტაციასთან."

„შეგახსენებთ ქალბატონი ლომჯარიას წარსულს. ის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი იყო, გიორგი ტყავაძე თავიდანვე აქტიურად იყო ჩართული სასამართლო რეფორმის ყველა ეტაპზე, მათ შორის მონაწილეობდა სატელევიზიო დებატებშიც ქალბატონი ლომჯარიას წინააღმდეგ. ეს გვიქმნის ჩვენ განცდას, რომ მიზანმიმართული, პირადი დაინტერესება არსებობს მოსამართლე გიორგი ტყავაძის მიმართ. ამიტომაც ფაქტების მიჩქმალვით და დამახინჯებით ხდება მოქმედი მოსამართლის დისკრედიტაცია, რომელიც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა",- განაცხადა გვრიტიშვილმა.

მისი თქმით, ანგარიშის საფუძველზე, კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ხელმძღვანელმა გიორგი მშვენიერაძემ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს, რომ მოსამართლე გიორგი ტყავაძეს არ გააჩნია მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი, რაც „ცრუ ფაქტის შემცველი ინფორმაციაა“. ამასთან, გვრიტიშვილმა აღნიშნა, რომ მიუხედავად კომუნიკაციისა, მშვენიერაძეს სტატუსი არ წაუშლია, ხოლო დამატებით გიორგი ტყავაძის ზარებს არ პასუხობს.

„ეს კიდევ ერთი მაგალითია, რომ სახალხო დამცველი და ე.წ.არასამთავრობო სექტორის ერთ-ერთი ლიდერი ხმაშეწყობილად მოქმედებენ იმისთვის, რომ მოქმედი მოსამართლის დისკრედიტაცია განახორციელონ", - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

მისი თქმით, სახალხო დამცველი კონსტიტუციით მოწოდებულია, რომ დაიცვას ადამიანის უფლებები და „მათ შორის გიორგი ტყავაძეც ადამიანია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს სახელმწიფოში".

„ჩემს შემთხვევაში, მე თითქოს უფლებამოსილების გარეშე წავუძეხი თურმე საბჭოს სხდომას, ეს ერთი რაღაც დამაბრალა და მოსამართლეს დააბრალეს ის, რომ განათლების შესაბამისი ხარისხი არ გააჩნია იმისთვის, რომ მოსამართლე იყოს. სამწუხაროა, რომ უფლებადამცველი გადაქცეულია აი, ამგვარი არ ვიცი, ვისი ან რა ინტერესების დასაკმაყოფილებლად", - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო