სასამართლოში არავითარი „კლანი” არ არსებობს, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, ვლადიმერ კაკაბაძემ პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. ამით მან უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, თინა ბოკუჩავას კითხვას, არსებობს თუ არა „კლანური” გავლენები და კორუფცია სასამართლო სისტემაში.
„სასამართლოში არავითარი „კლანი“ და კლანური გავლენა არ არსებობს. კორუფცია ხომ საერთოდ ფანტასტიკის სფეროს მიღმაა“, - განაცხადა მოსამართლეობის კანდიდატმა.
აღნიშნულს წინ უძღოდა თინა ბოკუჩავას კითხვა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძესთან დაკავშირებით. დეპუტატმა განაცხადა, რომ მიხეილ ჩინჩალაძეს მხატვარ რუსუდან ფეტვიაშვილის ძვირადღირებული კოლექცია აქვს და ვლადიმერ კაკაბაძისგან დაინტერესდა, შეიძლება თუ არა მოსამართლის ხელფასით ძვირადღირებული კოლექციის ფლობა, რაზეც კანდიდატმა ვლადიმერ კაკაბაძემ პასუხისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ დეპუტატს მხოლოდ უშუალოდ მასთან დაკავშირებული კითხვები უნდა დაესვა. ამის პასუხად კი ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მსგავსი კითხვებით სურდა ირიბად მიეღო პასუხები სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება კითხვას, თუ რა ურთიერთობა აქვს კაკაბაძეს ჩინჩალაძესთან, კანდიდატმა უპასუხა, რომ მიხეილ ჩინჩალაძეს იცნობს და კონფერენციებზე შეხვედრია.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 12:00 საათიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ვლადიმერ კაკაბაძეს უსმენენ. ვლადიმერ კაკაბაძე სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა.