საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ხვალ ირლანდიას დაუპირისპირდება

12 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ირლანდიას დაუპირისპირდება. როგორც საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ირლანდიასთან დაპირისპირებას ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მოსამზადებლად იყენებს, თუმცა ამბობს, რომ ხვალინდელ შეხვედრაში ეცდება, რომ მწვრთნელის რანგში ირლანდიას პირველი თამაში მოუგოს.

როგორც ვაისმა განაცხადა, ის შეკრებით კმაყოფილია. რაც შეეხება მეტოქეს, ნაკრების ხელმძღვანელი ამბობს, რომ მათ კარგი მწვრთნელი ჰყავთ, რომელმაც საკუთარი სიძლიერე წინა შეხვედრებშიც დაამტკიცა. ვლადიმერ ვაისი მეტოქისგან სიურპრიზებსაც ელოდება.

„ჩვენ ხვალინდელ თამაშს ვიყენებთ ერთა ლიგის მატჩებისთვის მოსამზადებლად. ერთა ლიგის მოგება, კი ევროპის ჩემპიონატზე გასვლას და ოცნების ასრულებას უდრის. მეტოქეს ჰყავს ფიზიკურად ძლიერი დაცვა, ამავდროულად მათი შეტევა კარგად მოქმედებს და არის სახიფათო. მეტოქეს დაუბრუნდა შეინ დაფი, რომელიც ირლანდიელების ერთ-ერთი ლიდერია და გამორჩეული ფეხბურთელია. ირლანდიის ნაკრების ფეხბურთელებს აქვთ ძალიან დიდი გამოცდილება და ძალიან კარგი სათამაშო გარემო. მათთან თამაში შეიძლება ერთი შეხედვით მარტივი ჩანდეს, თუმცა ასე არ არის. ეს ნაკრები არის ჯგუფში პირველი და თამაშობს მაღალი ხარისხის ფეხბურთს. იმედი მაქვს, რომ მწვრთნელის როლში პირველად მოვუგებ ირლანდიას. როცა სლოვაკეთის მწვრთნელი ვიყავი, მაშინაც ირლანდიას ფრე ვეთამაშეთ. ჩვენ მოვიგებთ ხვალინდელ შეხვედრაში, თუ თავდასხმაში კარგად ვითამაშებთ. მაგალითად, დანიასთან დაცვა და ნახევარდაცვა კარგი იყო, ამჯერად უნდა დავაბალანსოთ შეტევა და მივაღწიოთ შედეგს“, - განაცხადა ვლადიმერ ვაისმა და აღნიშნა, რომ მისი ფეხბურთელები ხვალინდელ შეხვედრაში ფიზიკურზე მეტად ფსიქოლოგიურად უნდა იყვნენ მზად.

რაც შეეხება მის მომავალს, როგორც ვლადიმერ ვაისმა აღნიშნა, მისი ნაკრებში დარჩენის საკითხი იმ შედეგებზე იქნება დამოკიდებული, რასაც გუნდი მომავალში აჩვენებს.

„ამ ეტაპზე ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ, რა იქნება შემდეგი მატჩების შემდეგ. ჩემი წასვლა - არ წასვლა დამოკიდებულია შედეგებზე. ჩემი მომავალი და საქართველოს ნაკრების მომავალი ერთმანეთთან არის დაკავშირებული“, - აღნიშნა ვაისმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს