ნათია თურნავა - მნიშვნელოვანია ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში უკეთ იყოს გათვალისწინებული ყველა ის მთავარი საკითხი, რაშიც ბიზნესი პრობლემას ხედავს

პრემიერ-მინისტრის დავალებით ბიზნესთან კომუნიკაცია გავააქტიურეთ და პირველ რიგში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყველა ის მთავარი საკითხი, რაც დღეის მოცემულობით არსებობს და რაშიც პრობლემას ხედავს ბიზნესი, რაც შეიძლება უკეთ იყოს მიმართული და გათვალისწინებული ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბიზნეს გაერთიანებების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ბიზნესმა დასვა რიგი საკითხების, რომელთაგან რამდენიმე უშუალოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს არ ეხება, თუმცა სამინისტრო ამ საკითხებს მიიტანს როგორც მთავრობის სხვა წევრებამდე, ასევე პრემიერ-მინისტრამდე.

„ვინაიდან ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ვიყოთ ქართული წარმოებისა და ქართული ბიზნესის ლობისტები, ბიზნესის იმ სატკივარს, რომელიც მათ დღევანდელ შეხვედრაზე გააჟღერეს, მივიტანთ მთავრობის სხვა წევრებამდე და რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრის ოფისთანაც გვექნება შესაბამისი განხილვა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ბიზნეს გაერთიანებების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ, ეკონომიკის მინისტრმა ასევე დაასახელა ის სამი უმთავრესი საკითხი, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე დაისვა.

„ეს არის მეტი კომუნიკაცია საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების პროცესში, პროგნოზირება და სტაბილურობა, რაც ბიზნესს აწუხებს. ამ ნაწილში, ჩვენ შევთანხმდით, რომ თვეში ერთხელ შევიკრიბებით სხვა უწყებებთან ერთად და გავაცნობთ ბიზნესის წარმომადგენლებს, თუ რა მზადდება, რათა დროულად შევძლოთ ჩვენი გეგმების კორექტირება. მეორე, რაც ითქვა - ყველას სურს, უფრო სწრაფი გადაწყვეტილებები და ეფექტური მენეჯმენტი დაინახოს. აქაც ბევრი გვაქვს სამუშაო და დღეს გავაცანით ბიზნესს, თუ რას ვაპირებთ, თუნდაც პრივატიზაციის მიმართულებით. მაგრამ სხვა ჩვენს კოლეგებთან ერთად გავივლით მათ სტრუქტურებში რა შეიძლება გაუმჯობესდეს ამ მხრივ. მესამე - ეს არის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, მონეტარული პოლიტიკა და ლარის კურსის თემები. აქაც ბიზნესი უკვე ხედავს, რაოდენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება და ეროვნული ბანკი მჭიდრო კოორდინაციაში მუშაობს ერთმანეთთან და იდგმება ნაბიჯები ლარის კურსის დასტაბილურებისთვის“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, ბიზნესთან მუშაობა და შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა