ეროვნული ბანკი ახალი სათავო ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

საქართველოს ეროვნული ბანკი ახალი სათავო ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ გუშინ, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გადაიცა სიუჟეტი ეროვნული ბანკის ახალი სათავო ოფისის მშენებლობისთვის მიწის შესყიდვასთან დაკავშირებით. სიუჟეტში რამდენიმე არასწორი ინფორმაცია გაჟღერდა, რის გამოც საქართველოს ეროვნული ბანკი თავს ვალდებულად თვლის გააკეთოს განმარტება.

„აღსანიშნავია, რომ ბოლოდროინდელი საკანონდებლო ცვლილებების საფუძველზე მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს ეროვნული ბანკის ფუნქციები, რომელთა ჩამონათვალს დაემატა ისეთი სფეროების რეგულირება, როგორებიცაა: არასაბანკო სფერო, საკრედიტო ბიურო, საპენსიო ფონდის საინვესტიციო საქმიანობის ზედამხედველობა; ასევე, მიმდინარეობს ევროდირექტივებთან დაახლოების პროცესი. ზემოაღნიშნული საჭიროებს შესაბამის საკადრო რესურსს და დამატებით საოფისე ფართს. არსებული საოფისე ფართები ვერ პასუხობს ვერც მიმდინარე და, მით უფრო, ვერც სამომავლო მოთხოვნებს. ამჟამად, საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლების ერთი მესამედი ნაქირავებ ოფისშია განთავსებული, რაც, თავის მხრივ, სოლიდურ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ინფორმაციისთვის, 2012 წელს ამჟამინდელ სათავო შენობაში (სანაპიროს ქუჩა 2; 6 ათას კვადრატულ მეტრამდე საერთო ფართით) საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 16.4 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა, ახალი ოფისის (ფართი 17 ათას კვადრატულ მეტრამდე,) მშენებლობის ხარჯის დიდწილად დაფარვა სწორედ არსებული შენობის რეალიზაციიდან მიღებული თანხებით იგეგმება.

ხარჯების ეკონომიისა და თანხების გონივრულად განაწილების მიზნით, ეროვნული ბანკის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აშენდეს ცალკე შენობა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სამუშაო პროცესის გამართულ და შეუფერხებელ წარმართვას.

მიწის ნაკვეთი ახალი სათავო ოფისისთვის გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის და კანონმდებლობის სრული დაცულობით შეირჩა. ნაკვეთის მოძიების მიზნით, საწყის ეტაპზე, ეროვნულმა ბანკმა მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიას. აღნიშნული უწყებებისგან ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მიწის თავისუფალი ფართის თაობაზე უარის მიღების შემდეგ, მოძიებულ და განხილულ იქნა სხვა ალტერნატივები. ეროვნულმა ბანკმა მიწის ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა საქართველოში რეგისტრირებულ კომპანია შპს "სითი ცენტრთან". ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ეროვნული ბანკი მიწის საფასურს არ გადაუხდის გამყიდველს მშენებლობისათვის საჭირო ნებართვების მიღებამდე. ნასყიდობის ხელშეკრულება მაქსიმალურად იცავს ეროვნული ბანკის ინტერესებს, ვინაიდან, რისკების თავიდან აცილების მიზნით, მშენებლობისათვის აუცილებელი ნებართვების მიუღებლობის შემთხვევაში, ქონება უკან დაუბრუნდება გამყიდველს მისივე ხარჯით, ხოლო ეროვნულ ბანკს არანაირი სანქცია არ დაეკისრება. რაც შეეხება თავად ოფისის მშენებლობას, დეტალური ინფორმაცია, პროექტის სრული სახელშეკრულებო ღირებულების ჩათვლით, მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული სატენდერო პროცესის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკი, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. ეროვნული ბანკი არასაბიუჯეტო საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელსაც აქვს საკუთარი შემოსავლები და ასევე მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, უფლება აქვს, დამოუკიდებლად დადოს ხელშეკრულებები, დამოუკიდებლად შეიძინოს უძრავი და მოძრავი ქონება და ფლობდეს და განკარგავდეს მას (საქართველოს ორგანული კანონი "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ", მუხლი 1, პუნქტი 1).

ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ზრუნვა ეროვნულმა ბანკმა, ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საკასო ცენტრის მშენებლობით დაიწყო. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკასო ცენტრი 2012 წლის ივნისში გაიხსნა და ნაღდ ფულთან და ფასეულობებთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია დღეს უკვე საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების მიხედვით, დაცვისა და უსაფრთხოების ავტომატიზებული სისტემებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა