ქეთევან ციხელაშვილმა რიგის 2019 წლის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა რიგის 2019 წლის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიება უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ბალტიის ზღვის რეგიონში მთავარი წამყვანი ფორუმია, სადაც პარტნიორი ქვეყნების მაღალი რანგის პოლიტიკოსები და ექსპერტები უსაფრთხოების გლობალურ საკითხებს განიხილავენ და საერთო გამოწვევების შესახებ საუბრობენ.

კონფერენციის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სიტყვით გამოვიდა პანელზე - „მომავლის გზის მშენებლობა - საქართველო და უკრაინა“. სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის დეტალებზე.

„რიგაში ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი იმართება. ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორუმი ევროპაში და ყველაზე დიდი ბალტიისპირეთში, სადაც 700-მდე მონაწილე 40-ზე მეტი ქვეყნიდან იყრის თავს. დღეს ამ ღონისძიებაზე გამოსვლები ჰქონდათ შვედეთის, გერმანიის, ბალტიისპირეთის ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს ასევე სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს იმისთვის, რომ ევროპაში უსაფრთხოების ცვალებად გარემოზე ერთმანეთისთვის ხედვა გაგვეზიარებინა. მქონდა შესაძლებლობა საქართველოს პრობლემატიკაზე მესაუბრა და ჩვენს გამოწვევებზე, რომელიც ამავდროულად არის ევროპის უსაფრთხოების გამოწვევაც. მთავარი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ აუცილებელია საერთაშორისო მხარდაჭერა საქართველოსათვის, რომელიც ევროკავშირისა და ევროატლანტიკური სტრუქტურების წარმატებული ასპირანტი ქვეყანაა. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა მისი ძალიან ამბიციური რეფორმების დღის წესრიგიდან გამომდინარე და რაც მთავარია, ყველაზე დიდი გამოწვევის დაძლევაში, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს - მიმდინარე ოკუპაცია და გადაუჭრელი კონფლიქტი. შეუძლებელია ამ პირობებში მდგრადი მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ის, რაც საქართველოში ხდებოდა 2008 წელს კიდევ უფრო 90-იან წლებში, რაც დღესაც გრძელდება ეს არ არის მხოლოდ საქართველოს და ქართული საზოგადოების პრობლემა, ეს ნამდვილად არის რეგიონული და მთლიანად ევროპის უსაფრთხოების პრობლემა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავს ფორმატებში მოვახდინოთ ამის ძალიან მკაფიო განმარტება. ვფიქრობ, რომ ბალტიისპირეთში ძალიან კარგად ესმით, რომ ეს საერთო პრობლემაა და შესაბამისად, მისი დაძლევისთვის საერთო ძალისხმევას საჭიროებს. რა თქმა უნდა, ჩვენს სამშვიდობო გეგმას და ინიციატივებს მხარს უჭერენ. მნიშვნელოვანი არის მსგავსი ფორუმებს გამოყენება იმისთვის, რომ საქართველო იყოს ყურადღების ცენტრში, ჩვენს პარტნიორებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ობიექტური ინფორმაცია ჰქონდეთ, რაც მათ ჩვენს მხარდაჭერას გაუადვილებს“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

რიგის კონფერენციას 40 ქვეყნის 700-მდე სახელმწიფოს მეთაური, ექსპერტი, დიპლომატი, მეცნიერი ესწრება. კონფერენცია ლატვიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში იმართება. კონფერენციის ორგანიზატორი ლატვიის ტრანსატლანტიკური ორგანიზაციაა (LATO), რომელიც ლატვიის თავდაცვის სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა