ფინანსთა მინისტრი - სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings პირველ რიგში აღნიშნავს და მიესალმება იმ რეფორმებს, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ვახორციელებთ

სულ ორიოდე ბიჯი გვაშორებს საინვესტიციო რეიტინგს, რის მერეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და მისი განვითარება თვისობრივად შეიცვლება, თვისობრივად ახალ სიმაღლეზე ავა. თუმცა, ამისთვის ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა, რათა ეს ორი ბიჯი მოვიპოვოთ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ავტორიტეტული საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-ის მიერ (S&P) საქართველოს სუვერენული რეიტინგის „BB-“-დან „BB“-მდე გაუმჯობესას გამოეხმაურა.

მინისტრმა ისაუბრა იმის თაობაზე, რა არგუმენტები მოიყვანა s&p-მ და რაზე დაყრდნობით მოახდინა საქართველოს სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესება.

„პირველ რიგში, სააგენტო აღნიშნავს და მიესალმება იმ რეფორმებს, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ვახორციელებთ. ნახსენებია რამდენიმე რეფორმა, მათ შორის არის განათლების რეფორმა, საპენსიო რეფორმა, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელდა, ასევე, მიწის რეფორმა, ასევე, საგადასახადო რეფორმა, სადაც კერძოდ გამოყო დღგ-ს დაბრუნებების თემა.

მეორე, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რატომაც გააუმჯობესა რეიტინგი არის ის, რომ საქართველო განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში ამჟღავნებს იმ მდგრადობას საგარეო და რეგიონული შოკების მიმართ, რომელიც მანამდე არ ყოფილა ამ ხარისხის და ეს არის აღსანიშნავი.

აქვე მინდა გითხრათ, რომ ეს მიმოხილვა მოიცავს ბოლო თვეების განვითარებულ მოვლენებს და ესეც აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმ მოლოდინებისა, რომელიც ზაფხულში გაჩნდა ტურიზმთან დაკავშირებით, საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ მყარია. ასევე საინტერესოა, თუ როგორ უყურებს მომავალს 2019-2022-ის მონაკვეთში და ამბობს, რომ საქართველოს ექნება ყველაზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა შედარებით მის რეგიონალურ მეზობლებან. ეს ემთხვევა ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოსაზრებას.

აქვე აღსანიშნავია, რომ ზოგადად სააგენტო პოზიტიურად აფასებს ინსტიტუციურ გარემოს და მაგალითად მოყვანილი ჰყავს, რომ ბოლო რამდენიმე წელში ხელისუფლების შეცვლა მოხდა ჯანსაღ და მშვიდ გარემოში. შესაბამისად, ეს კიდევ ერთი ნიშანია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობა და სიმშვიდე ჩვენს ქვეყანაში. ზოგადად, რაც შეეხება ეკონომიკის სტრუქტურაზე, აქვე ხდება იმის აღნიშვნა, რომ წლიდან წლამდე ჩვენი საექსპორტო პოტენციალი იზრდება და აღნიშნულია 2018 წლის ინვესტიციების მოცულობა, როგორც შიდა, ისე პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით.

შესაბამისად, ეკონომიკის სიჯანსაღე და მდგრადობა იმ შოკების მიმართ, რომელიც, როგორც წესი ხდება და მით უმეტეს, ისეთ მოწყვლად რეგიონში, როგორიც ჩვენ ვართ, განაპირობებს, პოზიტიურ ხედვას საქართველოს მიმართ და იმედია ეს კიდევ გაგრძელდება.

რაც შეეხება სუსტ მხარეს, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება ჩვენი ეკონომიკის ზომა, სიმცირე და ეს, პირველ რიგში იმითაა გამოწვეული, რომ ისტორიულად ჩვენ ძალიან დაბალი ნიშნულით ვართ, მცირე ეკონომიკა გვაქვს და შესაბამისად, ეს არის ყველაზე ფუნდამენტური პრობლემა. ამიტომ მდგრადი ეკონომიკური ზრდა და ის რეფორმები, რომლებსაც ვახორციელებთ ნაბიჯ-ნაბიჯ მიგვიყვანს მთავარი სისუსტის აღმოფხვრამდე“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ბიჯით, „BB -“-დან „BB“-მდე გააუმჯობესა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა