ხაშურში მოკლული ქალის ადვოკატი უარყოფს ინფორმაციას, რომ დედა ყოფილ მეუღლეს შვილებთან ურთიერთობას უკრძალავდა

ხაშურში მოკლული ქალისა და მის მკვლელობაში ბრალდებული მეუღლის პირველი სასამართლო პროცესი ქორწინების შეწყვეტასთან დაკავშირებით სწორედ მკვლელობის დღეს იყო ჩანიშნული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამოქალაქო საქმეში ხაშურში მოკლული ნათია გოგალაძის ადვოკატმა მაია ქართველიშვილმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, მეუღლეები ბოლო 6 წლის განმავლობაში ერთად არ ცხოვრობდნენ. სასამართლოს გაყრის თაობაზე ქალმა მას შემდეგ მიმართა, რაც მეუღლესთან ქორწინების შეწყვეტაზე ვერ შეთანხმდა. პირველი სასამართლო სხდომის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე კი მკვლელობა მოხდა.

„11 ოქტომბერს, 16:00 საათზე იყო პროცესი ჩანიშნული და მანამდე, დილით უკვე ეს მოხდა“,- აცხადებს მაია ქართველიშვილი.

ადვოკატი კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დედა თავის ყოფილ მეუღლეს შვილებთან ურთიერთობას უკრძალავდა.

„სასამართლოში მოვითხოვეთ ქორწინების შეწყვეტა და ალიმენტის დანიშვნა ორ არასრულწლოვან ბავშვზე. მეუღლემ გააკეთა შესაგებელი, განქორწინებაზე თანხმობა იყო და ჩვენს მიერ დასახელებული ალიმენტის შემცირებას ითხოვდა. კიდევ შემოიტანა სარჩელი - ითხოვდა, რომ კვირაში 4 დღე ბავშვები მასთან ყოფილიყვნენ და 3 დღე დედასთან, რასაც ბუნებრივია, ვერც ერთი დედა ვერ დაეთანხმება ამ ასაკის ბავშვებზე. ბავშვები სკოლაში დადიან, შეუძლებელია ასე მომხდარიყო, ამაზე თანახმა ვერ იქნებოდა, არაჩვეულებრივი დედა იყო, უწესიერესი და უპატიოსნესი.

რაღაც ინფორმაციები ჟღერდება, რომ არ აჩვენებდა შვილებს, მაგრამ ეს გოგონა დაეთანხმა ამ პოზიციას, რომ მამასთან ყოფილყვნენ შვილები ყოველი თვის პირველ და მესამე კვირას, ანუ კვირა გამოტოვებით, პარასკევი დღის თუ არ ვცდები, 18:00 საათიდან კვირა დღის 15:00 ან 13:00 საათამდე. როცა მხარეები ვერ თანხმდებიან, ასეთი პრაქტიკაა დადგენილი, რომ ყოველ შაბათ - კვირას მამას შვილს ვერ მისცემენ, რადგან დედასაც უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ შაბათ - კვირას ბავშვი გაასეირნოს ან სადმე წაიყვანოს. შესაბამისად, ყოველთვის დგება საკითხი, რომ ერთ შაბათ- კვირას ბავშვი არის დედასთან, მეორე შაბათ-კვირას მამასთან. შესაბამისად, ასეთი პოზიციით დავეთანხმეთ და დავუწერეთ, რომ დედა თანახმა იყო პარასკევს წაეყვანა და ჰყოლოდა კვირას შუადღემდე“,- განაცხადა ადვოკატმა.

შსს-მ ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული, 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ირაკლი დეკანოიძე ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა