11 ოქტომბერს, სომხური გამოცემა Epress.am-ის ჟურნალისტები საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვეს. გამოცემის ინფორმაციით, 4 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, ისინი სომხეთ-საქართველოს ბავრა-ნინოწმინდის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე გააჩერეს, შემდეგ კი მიზეზის განუმარტავად, საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს.
გამოცემის ინფორმაციით, ქართულ მხარეზე საპასპორტო კონტროლის გავლისას, მას შემდეგ რაც მესაზღვრეებმა გაიგეს, რომ ჟურნალისტების ჯგუფი იყო, გვერდით გაიყვანეს. შემდეგ, 4 საათის განმავლობაში ჟურნალისტებს მოუწიათ რამდენიმეჯერ აეხსნათ საბაჟოს სხვადასხვა თანამშრომლებისთვის, რომ მიემგზავრებოდნენ ახალციხეში, ახალქალაქსა და თბილისში ადგილობრივ ჟურნალისტებთან, უფლებადამცველებთან და სამოქალაქო სექტორის სხვადასახვა წარმომადგენლებთან ინტერვიუების ჩაწერის მიზნით, რაც დაკავშირებული იყო ქართული გამოცემა „Newcaucasus.com“-ის პროექტთან.
გამოცემის ცნობით, მებაჟეებს არავითარი ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებიათ. თქვეს, რომ საჭირო იყო აკრედიტაცია, ინტერვიუზე თანხმობა, ოღონდ არ უთქვამს, ეს რომელ ინსტანციას უნდა გაეცა.
„ბარგის შემოწმების შემდეგ, ჟურნალისტებს სიტყვიერად განუცხადეს, რომ კრძალავენ კამერის, ორი მიკროფონის, შტატივისა და ნოუთბუკის შემოტანას. ეს ყველაფერი - არაპროფესიონალური ტექნიკაა, რომლითაც Epress.am-ის ჟურნალისტები არაერთხელ შემოსულან საქართველოში სამუშაოდ. შემდეგ ჟურნალისტებთან გამოვიდა სხვა მესაზღვრე და აკრედიტაციაზე საუბრობდა. მას უთხრეს, რომ სომხეთიდან ჟურნალისტები, რომლებიც ძირითადად, ჩართულები არიან რეგიონალურ პროექტებში, ხშირად სტუმრობენ საქართველოს და იმავე საკონტროლო გამშვები პუნქტით და იმავე მიზნით აგვისტოში იმყოფებოდნენ საქართველოში, რაზეც მესაზღვრემ განაცხადა, რომ „ვითარება შეიცვალა“. შემდეგ ჟურნალისტებს უთხრეს, რომ ჯგუფს შეეძლო დაბრუნებულიყვნენ სომხეთის მხარეს, დაეტოვებინათ ტექნიკა და საქართველოში მათ გარეშე შემოსულიყვნენ. მესაზღვრემ უარი თქვა ორი პასპორტის დაბრუნებაზე და განაცხადა, რომ მათ მისი კოლეგა რამდენიმე წუთში დააბრუნებდა ქვეყნიდან გასვლის გაფორმების შემდეგ, რაც ასეც მოხდა.
ჟურნალისტები დაბრუნდნენ სომხეთში, შემდეგ კი საქართველოში შევიდნენ, სადაც ისინი კვლავ დააკავეს. ქართველმა მესაზღვრემ, რომელმაც მანამდე თქვა, რომ „ვითარება შეიცვალა“, ჟურნალისტებს აგრესიულად მიმართა: თქვენ ვერ გაიგეთ, რომ თქვენი საქართველოში შემოსვლა არ შეიძლება?, თქვენი მუშაობა არასასურველია, თქვენთვის საქართველოში ჟურნალისტური საქმიანობა აკრძალულია. თქვენ ვერ შემოხვალთ. ჟურნალისტები, რომლებიც საქართველოში არ შეუშვეს არიან - იური მანველიანი, ტიგრან ხაჩატრიანი და ტიგრან აკოპიანი“, - აღნიშნულია გამოცემის ინფორმაციაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"