რუსთავში 35 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პოლიციელების განცხადებით, დავით მუმლაძის გატაცების სანაცვლოდ ფული აიღეს, რითაც ვალები გაისტუმრეს

35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დაკავებულმა მოქმედმა და ყოფილმა პოლიციელებმა, მუმლაძის გატაცების სანაცვლოდ თანხა მიიღეს.

ამის შესახებ ისინი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში თავად საუბრობენ, რასაც გაზეთი „კვირის პალიტრა“ ექსკლუზიურად აქვეყნებს.

საუბარია 4 000 ლარზე, რომელიც თითოეულ პოლიციელს მკვლელობისთვის ბრალდებულმა გაუგზავნა.

ერთ-ერთი დაკავებული, 38 წლის პოლიციელი დავით მიროტაძეა, რომელიც ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად მუშაობდა და ამასთან, მკვლელობაში ბრალდებული ზურაბ ჯღარკავას ნათესავია. მიროტაძის ჩვენების თანახმად, ჯღარკავა მასთა დახმარების თხოვნით მივიდა და უთხრა, რომ მუმლაძე მას და მის ოჯახს მოკვლით ემუქებოდა. მისი ჩვენების მიხედვით ირკვევა, რომ დავით მუმლაძის გატაცება მიროტაძემ მოქმედ და ყოფილ პოლიციელებთან ერთად დაგეგმა. ამასთან, ჩვენების თანახმად, მიროტაძემ და მისმა თანამზრახველებმა ავტომანქანას, რომლითაც მუმლაძე გაიტაცეს, სანომრე ნიშანი შეუცვალეს.

„1-ელ ოქტომბერს დილით, ჩემს სახლთან მოვიდა დიტო დუღაშვილი შავი ფერის ბმვ-ს მარკის ავტომანქანით და გავემართეთ სასაფლაოების მიმართულებით. იქ გააჩერა მანქანა, მოვხსენით სანომრე ნიშნები და დავუყენეთ ე.წ. ტრანზიტული სანომრე ნიშნები. მიხეილ ღებიანურს სახლში მივაკითხეთ. ისიც ჩაგვიჯდა მანქანაში და წავედით თბილისისკენ. სამივეს გვეცვა პოლიციის ფორმა. თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე გავჩერდით და იქ მოვიდა გეთაშვილი თეთრი ბმვ X 6-ით, გვერდით გიორგი ასათიანი ეჯდა. მე, გეთაშვილმა და ასათიანმა ვისაუბრეთ, როგორ უნდა მოგვეხდინა მუმლაძის შეპყრობა, განიარაღება და შემდგომ რუსთავში წაყვანა“, - ამბობს ჩვენებაში მიროტაძე.

მისივე ჩვენების თანახმად, მუმლაძე მათ მუხიანში შეიპყრეს, მაკაროვის სისტემის იარაღი წაართვეს, ხელბორკილები დაადეს და რუსთავში წაიყვანეს, სადაც ზურაბ ჯღარკავას და გიორგი ასათიანს გადასცეს. ამის შემდეგ მიროტაძის ინფორმაციით, მან და მისმა მეგობრებმა მუმლაძის იარაღი, მობილური ტელეფონი და ტრანზიტული ნომრები, რომელიც მანქანას დაუყენეს, მტკვარში გადაადგეს.

„მომდევნო დღეს, საღამოს შევხვდი დიტო დუღაშვილს და მივეცი 4.000 ლარი... 4.000 ვაჩუქე ღებიანურს. ჩემი სიძე პერიოდულად მჩუქნის ხოლმე გარკვეული რაოდენობის თანხებს და ეს თანხაც მან მაჩუქა. ბიჭებს წინასწარ თანხას არ შევპირებივარ. 4 ოქტომბერს მიხეილ ღებიანურს გავუჩერე მანქანა, ამ დროს გამოიარა ჩემმა სიძემ და ვკითხეთ, თუ რა ბედი ეწია მუმლაძეს, მან გვითხრა, ის უკვე აღარ არსებობსო...", - ამბობს ჩვენებაში დავით მიროტაძე.

გარდა ამისა, „კვირის პალიტრა“ კიდევ ერთი პოლიციელის, ღებიანურის ჩვენებასაც აქვეყნებს, რომელიც ყვება, რომ აღებული თანხით ვალები გადაიხადა და პროდუქტი იყიდა.

„4 000 ლარიდან 1.600 ლარი ვალი გავისტუმრე. 900 ლარით დავფარე მინიკრედიტის ვალდებულება, 900 ლარი ასევე გადავიხადე „ლიბერთი ბანკში“, 200 ლარი ვალი დავუბრუნე ჩემს მეგობარ ლევანს, რაც შეეხება 200 ლარს, ვიყიდე სურსათი...“, - ამბობს მიხეილ ღებიანური.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მდინარე მტკვარმა, რუსთავში 5 ოქტომბერს გამორიყა. არსებული ინფორმაციით, მას სხეულზე 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ოჯახი დავით მუმლაძეს 1-ელი ოქტომბრიდან ეძებდა.

პოლიციამ დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე 7 ოქტომბერს 5 პირი დააკავა, მათ შორის მოქმედი და ყოფილი პოლიციელები. შსს-ს ინფორმაციით, მუმლაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია გიორგი ასათიანი, შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებს დავით მიროტაძეს და მიხეილ ღუბიანურსა, ასევე ყოფილ სამართალდამცავს დიმიტრი დუღაშვილს ჯგუფურად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა ედებათ ბრალად, ხოლო გიორგი გეთაშვილს ბრალი ცრუ ჩვენების მიცემისთვის აქვს წაყენებული. გარდა ამისა შსს-ს ცნობით დავით მუმლაძის მკვლელობაში კიდევ ერთი პირი ზურაბ ჯღარკავაც მონაწილეობდა, რომლის დაკავების მიზნით აქტიური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ყველა პირს რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო