ხათუნა გოგორიშვილი - მოსამართლეები არ შეიძლება იყვნენ  ადამიანები, რომელთა დიპლომი საერთო მხიარულობის საგანი გახდა და სკოლის მოსწავლეები ანეკდოტებს უძღვნიან

„ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი ხათუნა გოგორიშვილი, პარლამენტის წევრებს მოუწოდებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების უმრავლესობას მხარი არ დაუჭირონ. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არ შეიძლება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები იყვნენ ისეთი ადამიანები, რომელთა დიპლომი საერთო მხიარულობის საგანი გახდა და რომელსაც სკოლის მოსწავლეები ანეკდოტებს უძღვნიან.

„უკვე 10 კანდიდატს მოვუსმინეთ, ნახევარი პროცესი გავლილია და სურათი და შთაბეჭდილება, რომელიც იქნება, სამწუხაროდ არ არის დამაკმაყოფილებელი. მოგეხსენებათ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს და ზოგადად მოსამართლეებს ყველგან და საქართველოშიც რამდენიმე კრიტერიუმით აფასებენ და ეს კრიტერიუმებია: კომპეტენტურობა, კეთილსინდისიერება და ზოგადი ფასეულობები. ის კანდიდატები, რომელთაც მოვუსმინეთ, არათუ რომელიმე ერთი კრიტერიუმის მიხედვით ვერ აკმაყოფილებენ სტანდარტებს, არამედ-ორივე და სამივე კრიტერიუმის მიხედვით. აქედან გამომდინარე, მინდა მოგახსენოთ, ჩვენი, „ევროპული საქართველოს“ მოსაზრება, რომ მოსმენილ კანდიდატთა უმრავლესობა არ შეიძლება იყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. არ შეიძლება იყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ადამიანი, რომელიც არარსებული კანონმდებლობით წერს სასამართლო გადაწყვეტილებას, კანონის არასწორ ინტერპრეტაციას აკეთებს და ამის შედეგად ქართულ ბაზარზე ერთ-ერთ სერიოზულ მოთამაშეს 93 მილიონის საურავს აკისრებს და ამ ყველაფერს ერთი გავლენიანი ბიზნესმენის სასათბურე პირობების შესაქმნელად აკეთებს, საკითხი „ფილიპ მორისის“ ქეისს შეეხება. ასევე არ შეიძლება იყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე კანდიდატი, რომელიც ისეთ პასუხებზე ვერ აძლევს პასუხს სამართლის ფაკულტეტის პირველმა და მეორე კურსელმა სტუდენტებმა რომ იციან. მაგალითად: რისთვის სჭირდება ლიბერალური დემოკრატიების ქვეყნებს კონსტიტუცია, რა განსხვავებაა ფაქტსა და მოსაზრებას შორის და ასე შემდეგ. არ შეიძლება გახდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ადამიანებები, რომლებიც ელემენტარულ საკანონმდებლო სტანდარტებს განათლებასთან დაკავშირებით ვერ აკმაყობილებენ და არ შეიძლება იყოს ისეთი ადამიანი, რომელთა დიპლომი საერთო მხიარულობის საგანი გახდა და რომელსაც სკოლის მოსწავლეები ანეკდოტებს უძღვნიან“,-აღნიშნა ხათუნა გოგორიშვილმა.

მისივე თქმით, ის ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი კარგად მიმდინარეობს, თუმცა მას არ სურს, რომ პროცესი პროცესად დარჩეს და ამ ყველაფერმა შედეგი არ გამოღოს.

„დიახ, ვადასტურებ, რომ ამ ქვეყანაში ყველას გვინდა, რომ სასამართლო სამართლიანი, სანდო და ეფექტური იყოს. ასევე არ გვიჭირს იმის თქმა, რომ აღნიშნული პროცესი, მართლაც, კარგად მიმდინარეობს, თუმცა არ შეიძლება პროცესი დარჩეს პროცესად, პროცესი იყოს ფორმალური თუ ამ ყველაფერმა კონკრეტული შედეგი არ გამოიღო. ეს მცირე მარგალიტები, რომლებიც მე ჩამოვთვალე საკმარისია იმისათვის, რომ უკვე მოსმენილ კანდიდატთა ძალიან დიდი უმრავლესობა, არ გახდეს უზენაესი სასამართლოს წევრი და მე მოვუწოდებ ჩემს კოლგებს, რომ კენჭისყრის დროს მათ მხარი არ დაუჭირონ“,-განაცხადა გოგორიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს