ნინო ლომჯარია - სახელმწიფო აფინანსებს თეთრ ხელჯოხებს, თუმცა როგორც თემის წარმომადგენლები საუბრობენ, ეს ხელჯოხები, გამოუსადეგარია

15 ოქტომბერს, თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღეს, საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ უსინათლო პირთათვის განათლების მისაწვდომობის საკითხებზე საჯარო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე სახალხო დამცველმა საქართველოში უსინათლო და მცირემხედველ პირთა პრობლემებზე ისაუბრა. ნინო ლომჯარიამ მედიასთან განაცხადა, რომ შეხვედრა ეძღვნება უსინათლო და მცირემხედველ პირთა განათლების უფლებასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობას, რადგან სწორედ განათლებაზეა ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული.

„განათლებაზეა დამოკიდებული, რამდენად მიეცემათ მათ შესაძლებლობა, რომ სრულყოფილად იყვნენ ჩართულნი საზოგადოებრივ და ყოველდღიურ ცხოვრებაში და მათი შესაძლებლობების რეალიზება მოახდინონ. ვსაუბრობთ იმ პრობლემებზე, რაც ამ მიმართულებით არსებობს და რაც წლიდან წლამდე, ვიტყოდი, რომ არის გადაუჭრელი. პრობლემებია ყველა საფეხურზე, დაწყებული საწყის საგანმანათლებლო ეტაპზე, დასრულებული უმაღლესი განათლებით. სამწუხაროდ, ინკლუზიურ განათლებას არ ექცევა სათანადო ყურადღება ამ მიმართულებით, ლიტერატურა არის საკმაოდ შეზღუდული, რაც უსინათლო პირებს ბარიერებს უქმნის გააგრძელონ განათლება, როგორც პროფესიულ, ასევე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, არჩევანი არის ძალიან მწირე და შეზღუდული“, - აღნიშნა სახალხო დამცველმა.

მან ასევე ჩამოთვალა სხვა პრობლემები, რომელთაც უსინათლო პირები ყოველდღიურად აწყდებიან.

„სახელმწიფო რეალურად აფინანსებს თეთრ ხელჯოხებს, თუმცა როგორც თემის წარმომადგენლები საუბრობენ, ეს ხელჯოხები, რომელსაც სახელმწიფო მათ უსასყიდლოდ აძლევს, გამოუსადეგარია, რადგან არ არის ინდივიდუალურ საჭიროებებზე გათვლილი. თითოეულ ადამიანს სჭირდება ინდივიდუალურად მასზე მორგებული ხელჯოხი და არა რაღაც სტანდარტული, რასაც პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო შეიძენს მათთვის. გარდა ამისა, საჯარო სივრცე, იქნება ეს ქუჩები, გადასასვლელები, ტროტუარები, თუ სახელმწიფო შენობები, არ არის ადაპტირებული უსინათლო პირთათვის. ასევე, არ არსებობს ცენტრები, სადაც ისინი შეიძენენ ისეთ უნარებს, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში სასიცოცხლოდ სჭირდებათ, როგორიცაა ის, მაგალითად, როგორ გადაადგილდნენ, ხმოვანი კომპიუტერული პროგრამების გამოყენება და ა.შ. რეგიონებში არ არსებობს საგანმანათლებლო დაწესებულებები და ამიტომ, უსინათლო პირებს და მათ შორის, ბავშვებს უწევთ, ჩამოვიდნენ თბილისში და იცხოვრონ აქ იმის გამო, რომ სხვა შესაძლებლობა, სკოლა, სივრცე არ არსებობს, რომ მათ თუნდაც დაწყებითი და საშუალო განათლება მიიღონ“, - განაცხადა ლომჯარიამ.

შეხვედრაზე, გამოსვლის დასასრულს სახალხო დამცველმა მოუწოდა სახელისუფლებო სტრუქტურებს, გადადგან ქმედითი ნაბიჯები უსინათლო პირთა უფლებების თანაბარი დაცვისა და რეალიზების უზრუნველსაყოფად.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ თბილისის 202-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე მარიამ მიქიაშვილი და სახალხო დამცველთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს წევრები დავით ბიბილეიშვილი და ესმა გუმბერიძე. ასევე, გაიმართა დისკუსია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა